ნაზი ჯანეზაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლება აპოლიტიკური იყოს
ვინაიდან სასამართლო ხელისუფლება არის ერთ-ერთი შტო ხელისუფლების, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანო აპოლიტიკური იყოს და ბუნებრივია, ნებისმიერი წევრი უნდა ვიყოთ პოლიტიკისგან შორს“,- ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, პრეზიდენტის მიერ სავარაუდოდ ანა დოლიძის კანდიდატურის დასახელებას.
ნაზი ჯანეზაშვილს უჭირს კონკრეტული შეფასების გაკეთება, რადგან მისი თქმით, ჯერ ოფიციალურად უცნობია კანდიდატის ვინაობა თუმცა ჯანეზაშვილის თქმით, კანდიდატი უნდა იყოს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, ზეგავლენებისგან თავისუფალი და სასამართლო სისტემის განვითარებაზე ორიენტირებული.
რაც შეეხება ზოგადად ანა დოლიძის დახასიათებას, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ დოლიძე არის მოტივირებული და სასამართლო სისტემით დაინტერესებული.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, პრეზიდენტმა საკუთარი კანდიდატურა დღეს უნდა დაასახელოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერ უცნობია, ვის დაასახელებს აღნიშნულ კანდიდატურაზე გიორგი მარგველაშვილი. ახალი კანდიდატი ვახტანგ მჭედლიშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.