ნაზი ჯანეზაშვილი - მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობა სჭირდება პრივილეგიებისთვის, მისი გავლენა უფრო მასშტაბურია, ვიდრე თბილისის ერთი სასამართლო
ნაზი ჯანეზაშვილი - მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობა სჭირდება პრივილეგიებისთვის, მისი გავლენა უფრო მასშტაბურია, ვიდრე თბილისის ერთი სასამართლო

მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა ხელისუფლებისგან რომ არ იყოს მხარდაჭერილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ არ აირჩევდნენ, – ასეთი განცხადება გააკეთეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ევროკომისიისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების შემდეგ, საქართველოს ევროპულ გზაზე დღეს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არის თუ არა ხელისუფლება მზად ევროპული ორგანიზაციების რეკომენდაციები შეასრულოს და სასამართლო გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან.

როგორც ჯანეზაშვილმა განაცხადა, დღეს გამოჩნდა რომ რეკომენდაციების შესრულებისკენ ხელისუფლება არაა დაინტერესებული.

„ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა და ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოში გატარებულ რეფორმებს, რომელიც ნეგატიურად ფასდება. ამ სასამართლოს სათავეში, რომელიც პრობლემურია ჩვენს ქვეყანაში, დგას მიხეილ ჩინჩალაძე, მურუსიძე და სხვა პირები. ჩინჩალაძე დღეს იუსტიციის საბჭომ ხუთი წლის ვადით მეორედ დანიშნა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. მას ეს თანამდებობა სჭირდება მხოლოდ პრივილეგიებისთვის, რომ განიხილოს საქმეთა ნაკლები რაოდენობა. მისი გავლენები არის უფრო მასშტაბური, ვიდრე ეს არის თბილისის ერთი სასამართლო. მისი გავლენა ვრცელდება უზენაესი სასამართლოდან დაწყებული, ნებისმიერი პირველი ინსტანციის სასამართლოთი დამთავრებული“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე ხელმეორედ, ხუთი წლის ვადით დღეს აირჩია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხაშურის, სენაკისა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებიც აირჩიეს.