ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის
ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა საკუთარ კანდიდატურას არ ხსნის.

მისივე თქმით, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა არ დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ ის რეალურად ისახავს მიზნად მიუკერძოებელი და პრინციპული სახალხო დამცველის შერჩევას.

„ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მოთხოვნაა, ახალ სახალხო დამცველად დაინიშნოს დამოუკიდებელი და ზეგავლენებისგან თავისუფალი ადამიანი გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე. შესაბამისად, ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება, მიმეღო სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა, სწორედ აქედან გამომდინარეობდა. თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით მქონდა რეალისტური მოლოდინი, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი ძალა კარგად არის ინფორმირებული ჩემი საქმიანობისა და კრიტიკული მოსაზრებების შესახებ სასამართლოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში. თუმცა მივიჩნიე, რომ ეს შემთხვევა შესაძლოა ყოფილიყო გამონაკლისი და საპარლამენტო უმრავლესობას ყველა ზომა მიეღო 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.

სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ის რეალურად ისახავს მიზნად მიუკერძოებელი და პრინციპული სახალხო დამცველის შერჩევას. დეკლარირებულად პროცესის ამოცანაა მიუკერძოებელი კანდიდატის გამოვლენა, თუმცა აშკარაა, რომ ხელისუფლება ეძებს მისდამი ლოიალურად განწყობილ სახალხო დამცველს. ამაზე მეტყველებს შეკითხვები, რომლებიც ემსახურება კანდიდატებისგან ახსნა-განმარტებების მიღებას, წარსულში ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების გამო. სამწუხაროდ, ამან კამპანიური ხასიათი მიიღო.

გადავწყვიტე, უარი ვთქვა გასაუბრებაში მონაწილეობაზე, თუმცა არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. პარლამენტის წევრებისთვის კარგად არის ცნობილი ჩემი გამოცდილება და შესაძლებლობები, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ტიპის გასაუბრებაში მონაწილეობა ან არმონაწილეობა, გადამწყვეტი ფაქტორია სახალხო დამცველის ასარჩევად.

მინდა, კიდევ ერთი გარემოება გამოვყო, კერძოდ, სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ამავდროულად არის საქართველოს პარლამენტის წევრი და წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას. იაგო ხვიჩია თავის პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად მონაწილეობს კონკურენტი კანდიდატების გასაუბრებაში, რისთვისაც ის იყენებს საპარლამენტო მანდატს. ის ასევე გადაწყვეტილებას მიიღებს კონკურენტი კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა მისი გასაუბრება. გუშინ, 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტიდან მივიღეთ შემოთავაზება დავესწროთ იაგო ხვიჩიას გასაუბრებას და მას დავუსვათ შეკითხვები. სხვა კანდიდატების შემთხვევაში, ასე არ მომხდარა. ამავდროულად, შეკითხვებს აჩენს ორმაგი სტანდარტი – ერთი მხრივ, სხვა კანდიდატებისგან მოითხოვენ, რომ ისინი არ იყვნენ პოლიტიზებულნი, მაგრამ ამავდროულად, სათანადო შეფასება არ ეძლევა იმას, რომ ერთ-ერთი კანდიდატი პოლიტიკოსია, რაც ვფიქრობ, პროცესის დისკრედიტაციასა და უნდობლობას იწვევს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.