ანა ბუჩუკური - სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით მეგობარი ქვეყნებისგან მოვისმინეთ მწვავე შეფასებები, რაც ნეგატიურად აისახება არა კონკრეტული პარტიის იმიჯზე, არამედ სახელმწიფო ინტერესებზე
ანა ბუჩუკური - სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით მეგობარი ქვეყნებისგან მოვისმინეთ მწვავე შეფასებები, რაც ნეგატიურად აისახება არა კონკრეტული პარტიის იმიჯზე, არამედ სახელმწიფო ინტერესებზე

დამოუკიდებელი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რასთან დაკავშირებითაც მეგობარი ქვეყნების მხრიდან საკმაოდ მწვავე შეფასებები მოისმინეს.

„ძალიან კარგად ვიცი ის მოწოდებები და რეკომენდაციები, რაც გაჟღერდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც მათ შორის საკმაოდ მწვავე შეფასებები მოვისმინეთ, გახლდათ სასამართლო ხელისუფლება.

ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგია, ავსტრია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, კანადა, ირლანდია, ჩეხეთი, ფინეთი, იტალია, ლიეტუვა, ეს გახლავთ იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალი, რომლებმაც მოგვიწოდეს, რომ ყურადღება მივაქციოთ სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ სიტუაციას და გავაგრძელოთ რეფორმირების პროცესი. მეტსაც გეტყვით, საკმაოდ მწვავე შეფასება მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თქვენი ნებართვით, მოვახდენ კონკრეტული მონაკვეთის ზუსტ ციტირებას: „აღკვეთეთ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ არაფორმალური მმართველობა, რომელიც ცნობილია კლანის სახელით“.

ახლა, ჩვენ ამ შეფასებებს ვიზიარებთ, თუ ნაწილობრივ ვიზიარებთ, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ხაზს ვუსვამ, ეს შეფასებები და პროცესი ნეგატიურად აისახება არა კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის იმიჯზე, არამედ, სამწუხაროდ, ნეგატიურად აისახება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მან კოლეგებს მოუწოდა, სიღრმისეულად დაინტერესდნენ, რა ხდება სასამართლო სისტემაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და რატომ იღებენ ასეთ მწვავე შეფასებებს.

„მოვუწოდებდი თითოეულ ჩემს კოლეგას, რომ დავინტერესდეთ, კოლეგებო, უფრო სიღრმისეულად, რა ხდება და რატომ ვიღებთ ასეთ მწვავე შეფასებებს, რა ხდება სასამართლო სისტემაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოგეხსენებათ, 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილიც სწორედ შეეხება ამ მიმართულებით რეფორმირებას“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

გარდა ამისა, ბუჩუკურმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე.

„დღეს ჩვენ მაგალითად, სტუმრად გვესწრებიან ადამიანის უფლებათა კომისიის წარმომადგენლები. პირველ რიგში, მივესალმები მათ და აქედანაც გადავუხდი მადლობას ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი გამოხატავენ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ისინი აუცილებლად დამეთანხმებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი.

მე გახლდით, ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობისას, ერთ-ერთი ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც ამ დოკუმენტზე ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. ჩემი ინფორმაციით, ამ დოკუმენტზე შინაარსობრივი მუშაობა უკვე დასრულებულია, თუმცა ახლა საჭირო არის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის ოფიციალურად წარმოდგენა პარლამენტში დასამტკიცებლად.

უფრო მეტსაც გეტყვით, ინფორმაციას გაგიზიარებთ, მე ჩემი მანდატის ფარგლებში უკვე მივმართე მთავრობის მეთაურს და ვთხოვე, მოეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა ვადაში ხედავს ის ამ დოკუმენტის პარლამენტში წარმოდგენას, რადგან მოგეხსენებათ, კოლეგებო, ივნისის ბოლოს ჩვენ მორიგ სესიას ვამთავრებთ, შესაბამისად, შემდეგ კიდევ რამდენიმე თვე გადაიწევს ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცება. ეს არის ასევე ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომელზეც არაერთმა ჩვენმა პარტნიორმა, უწყებამ, ქვეყანამ გაგვიმახვილა ყურადღება“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.