ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეებზე გადაწყვეტილება კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უნდა მიიღოს
რამდენიმე თვის წინ, მოსამართლეებს უვადოდ ვამწესებდით. მაშინ რამდენიმე კანდიდატი არაკეთილსინდისიერად შევაფასე, რომლებიც არიან იმ გავლენიანი ჯგუფის წევრი და დღეს იუსტიციის საბჭოში არიან წარმოდგენილი. ამაზე საბჭოს წევრების მხრიდან მწვავე კრიტიკა დავიმსახურე, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, კანდიდატები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით ფასდებიან და აღნიშნა, რომ ამ ორ კრიტერიუმში მთავარი კეთილსინდისიერებაა.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წინა ტალღის დროს, გარკვეულმა მოსამართლეებმა მისი მაღალი შეფასება კეთილსინდისიერების ნაწილში ვერ დაიმსახურეს, რამაც კოლეგების გაღიზიანება გამოიწვია.
„ორივე კრიტერიუმი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ვინაიდან დღეს ვსაუბრობთ იმ მოსამართლეებზე, რომლებსაც მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება სამ წელზე მეტი ვადით აქვთ და ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსამართლეთა უმეტესობას ათ წელზე მეტი ვადით აქვს მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, კომპეტენციის საკითხი ჩემთვის უკვე უფრო ნაკლებად დგას. თუმცა, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ რადგან გამოცდილია, კომპეტენცია ამოწურული თემაა. რაც შეეხება კეთილსინდისიერებას, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, აკმაყოფილებს თუ არა ესა თუ ის კანდიდატი კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოსამართლეებს უვადოდ ვამწესებდით, მაშინ რამდენიმე კანდიდატი შევაფასე არაკეთილსინდისიერად, რომლებიც არიან იმ გავლენიანი ჯგუფის წევრი, რომელიც დღეს იუსტიციის საბჭოშია წარმოდგენილი. ამაზე მწვავე კრიტიკა დავიმსახურე საბჭოს წევრების მხრიდან. ამიტომ ამ შემთხვევაში მე ვიქნები უკომპრომისო, ვინაიდან თუკი ადამიანს აქვს ისეთი წარსული, რომელიც კითხვას აჩენს, ვფიქრობ, საბჭოს თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია. კომპეტენცია კი ეს არის გაუმჯობესებადი და შესაძლებელია, რომ სხვადასხვა მეთოდით დაიხვეწოს“, – განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს საბჭო ამ დროისთვის უკვე მეოთხე კანდიდატს ესაუბრება.