ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის 16 ინიციატივა - ინტერვიუ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან
ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის 16 ინიციატივა - ინტერვიუ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან

2 დეკემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს. რა ახალი კომპონენტები დაემატება 2014 წლიდან მოქმედ ინსტრუმენტს, რომელის მიზანიც საქართველოს ალიანსთან ინტეგრაციაა, როდის უნდა ელოდოს საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმას და რას ფიქრობენ ნატო-ში საქართველოში სამხედრო ბაზის გახსნაზე. ამ საკითხებზე საქართველოს პირველი არხი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის ესაუბრა.

– პირველ რიგში უნდა გკითხოთ ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს. რა დამატებითი კომპონენტები იქნება ამ პაკეტში?

ჩვენ გახარებული ვართ და ვიცი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ასევე გახარებულია არსებითი პაკეტის განახლებით. ახალი ელემენტები ნამდვილად არსებითია. მარტივად გასაგები რომ იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ იცის, რას ნიშნავს არსებითი პაკეტი, ვიტყვი, რომ ეს არის იმ ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც 2014 წელს ერთ პაკეტში გავაერთიანეთ. არსებითი პაკეტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ნატო-სთან თავსებადობისა და თანამშრომლობის უნარის გაუმჯობესება. ეს ეხმარება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მომზადებაში. ამასთან ერთად, არსებითი პაკეტი ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში, რათა უკეთ გაუმკლავდეს კიბერ თუ სხვა სახის თავდასხმებს. სულ რამდენიმე დღის წინ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე არსებითი პაკეტის განახლება დაამტკიცეს. განახლებული არსებითი პაკეტის მთავარი ამოცანა და მიზანი უცვლელია. კონკრეტულად თქვენს შეკითხვაზე კი გეტყვით, რომ განახლებულ პაკეტში არის 16 ინიციატივა. მათგან სამი სრულიად ახალია. ერთ-ერთი არის გერმანიის ინიციატივა და გულისხმობს საქართველოს დახმარებას მობილური სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაში. ვგულისხმობ ისეთ სამედიცინო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც შესაძლებელია არა მხოლოდ საზღვრებს გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ასე რომ, ამ ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ქვეყნის შიგნით და ასევე შესაძლებლობა მისცეს საქართველოს, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ოპერაციებშიც შეიტანოს წვლილი. მეორე ახალი კომპონენტი გულისხმობს საქართველოსთვის ინგლისური ენის ტრენინგების შესაძლებლობის გაზრდას. ცხადია, ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის. ინგლისური ენის კარად ცოდნა საქართველოს ეფექტურობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. მესამე ელემენტი კი, საქართველოს საკუთარი პროექტების განვითარებაში დაეხმარება, რათა ეს პროექტები სრულ შესაბამისობაში იყოს ნატო-ს სტანდარტებთან. ეს ელემენტი გულისხმობს საქართველოს ეფექტურობის ამაღლებას და ასევე ნატო-სთან კავშირების განმტკიცებას. ამას გარდა, განახლებულ არსებით პაკეტში არის კიდევ 13 კომპონენტი, რომლებსაც გავაძლიერებთ. მაგალითად, უფრო მეტად დავუჭერთ მხარს „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების  ერთობლივ ცენტრს“, ასევე უფრო მეტად დავუდგებით გვერდით „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას“, უფრო მეტ წვლილს შევიტანთ უსაფრთხო კომუნიკაციაში. ეს გრძელი ნუსხაა და ახლა ჩვენ თითოეულ კომპონენტში მეტს გავაკეთებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნამდვილად არსებითი პაკეტია და  გახარებულები ვართ, რომ ის დამტკიცდა.

–  ახლა გადავიდეთ ნატო-ს ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომელშიც ამბობენ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს და ამ კონტექსტში ნახსენები არიან საქართველო და უკრაინა. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქართველოსთვის ნატო-ს სამოქმედო გეგმის გადაცემაზე დისკუსია უკვე დაწყებულია?

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ, ღია კარის პოლიტიკა შენარჩუნდება. ნატო-მ ახლახან მიიღო ახალი წევრები. ეს ბოლო რამდენიმე წელიწადში მოხდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს ყველა განცხადებასა თუ კომუნიკეში წევრები ხელახლა იმეორებენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის პრინციპის ერთგულები არიან. ეს ასეა, რადგან ჩვენი გამოცდილების მიხედვით, ღია კარის პოლიტიკა ეხმარება ნატო-ს ახალ წევრ ქვეყნებს, ეხმარება ევროპის უსაფრთხოებას და ნატო-ს. მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში მუდამ ახსენებენ კონკრეტულად ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომელშიც მოკავშირეები აცხადებენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მოკავშირეებისთვის ძალიან იოლი იქნებოდა, ეს არ ეთქვათ, მაგრამ ამას მუდამ იმეორებენ, რადგან ნამდვილად ასე ფიქრობენ და ამ მოსაზრების წინ წამოწევა სურთ. დარწმუნებული ვარ, ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ამ რეკომენდაციას ნატო-ში მიიღებენ და ამაზე კონსენსუსი არსებობს. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, თუ როდის მიიღებს წევრობის სამოქმედო გეგმას საქართველო, მე პასუხი არ ვიცი და ამაზე მრავალი წელია, ვსაუბრობთ. შემიძლია, გითხრათ ორი რამ. პირველი არის ის, ნატო-ში ნამდვილად მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ღია კარის პოლიტიკაზე და ეს არ არის მხოლოდ რიგითი განცხადება, რომელსაც ყოველ სამ თვეში ერთხელ ვაკეთებთ. როგორ წავწევთ ამ საკითხს წინ და ვაქცევთ ამას რეალობად, ეს ის თემებია, რომლებსაც მომდევნო თვეებში ახალ იმპულსს მივცემთ. დარწმუნებული ვარ, რომ ღია პოლიტიკის საკითხი, კერძოდ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ პოლიტიკის განხორციელება და გავხადოთ ის უფრო არსებითი, იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაც 2021 წლის სამიტის დეკლარაციაზე მუშაობისას იქნება განხილული. მეორე საკითხი, რომელიც ასევე განიხილება, არის ასპირანტი ქვეყნების დახმარება, რათა ალიანსში გაწევრიანებისთვის უკეთ მოემზადონ. როდესაც ამ თემას ქართველ და უკრაინელ მეგობრებთან განვიხილავ, ყოველთვის ვამბობ, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემა პოლიტიკური ნაბიჯია, რადგან საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს წევრობისთვის. საქართველოს აქვს წლიური ეროვნული გეგმა, ნატო-საქართველოს კომისია და არსებითი პაკეტი. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რათა დავეხმაროთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის სამზადისში. ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის დადგება წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემისთვის საჭირო პოლიტიკური მომენტი. მე პირადად მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ამ გეგმის გადაცემას, მაგრამ ვერც მე და ვერც საქართველო ამას ვერ გადაწყვეტს. საქართველოს ხელისუფლება ცხადია, ითხოვს წევრობის სამოქმედო გეგმას და ამას ყველა მთავრობა აკეთებდა, განურჩევლად იმისა, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარეს იდგა. ჩვენ ახლა შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, როდესაც პოლიტიკურად სათანადო დრო დადგება, ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებისთვის, მზად იყოს და არ არსებობდეს რაიმე სახის პრაქტიკული ბარიერი, რაც მოყოყმანე სახელმწიფოებს მისცემს მიზეზს, დააბრკოლოს საქართველოს გაწევრიანება. ყველა ეს ბარიერი უნდა მოვხსნათ. ეს ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასაც დაეხმარება და დარწმუნებული ვარ, საქართველოს წლიურ სამოქმედო გეგმას მიიღებს.

– უცხოელი ექსპერტები ამბობენ, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატო უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული კავკასიის რეგიონში. ევროპაში ამერიკული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ნატო-მ უნდა გახსნას სამხედრო ბაზა საქართველოში. რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ?

ეს საინტერესოა იდეა. საქართველოში ნატო უკვე არის არსებითად წარმოდგენილი. მათ შორის საქართველოს იმყოფება ნატო-ს სამხედრო პერსონალიც. ისინი იმყოფებიან „ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში“, „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“, ასევე ჩვენ გვაქვს ყოველწლიური ნატო-საქართველოს წვრთნები. საქართველოში მოქმედებს ნატო-ს სამოქალაქო და სამხედრო ოფისი. ასევე, ნატო-ს ბევრ წევრ სახელმწიფოს ჰყავს სამხედრო პერსონალი საქართველოში. ამიტომ, ქართველები უკვე უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ნატო საქართველოში ფართოდაა წარმოდგენილი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და განახლებული არსებითი პაკეტი ამაში დაგვეხმარება. რაც შეეხება სამხედრო ბაზას. ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ნატო-ს არ აქვს სამხედრო ბაზები პარტნიორ ქვეყნებში. ასეთი ბაზები მხოლოდ წევრ ქვეყნებშია დისლოცირებული, მაგრამ ის, რაც ნატო-ს აქვს საქართველოში, უპრეცედენტოა. საუბარი მაქვს ალიანსის ობიექტებზე, რომლებიც ნატო-ს ან ნატო-საქართველოს სახელს ატარებენ, ასევე ნატო-ს პერსონალი, რომელიც მუდმივად საქართველოშია. ასეთი რამ არც ერთ სხვა პარტნიორ სახელმწიფოს არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ნატო-ს წარმომადგენლობით საქართველო მოწინავეა და ჩვენ ამ კუთხით  მუშაობას ვაგრძელებთ.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ნატო-ს სამხედრო ბაზები მხოლოდ ალიანსის წევრ სახელმწიფოებში აქვს და ეს ერთგვარი ტრადიციაა. ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო-მ საქართველოსთვის ასოცირებული წევრის სტატუსის გადაცემა უნდა განიხილოს. ეს სტატუსი არ არსებობს, თუცა რამდენად შესაძლებელია ეს?

საინტერესო კონცეფციაა, რომლის შესახებ მანამდე არ მსმენია. თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ასეთი სტატუსი ახლა არ არსებობს. ასე რომ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება იგულისხმებოდეს. თუმცა, ჩემს პირად რეაქციას გაგიმხელთ. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი – რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ასეთმა სტატუსმა და რა რისკები ახლავს თან. თუ ქვეყანა არ არის ნატოს წევრი, ის უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იღებს. მაგალითად მოგიყვანთ შვედეთს, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს. შვედეთი ნატო-ს ახლო მეზობელია, ჩვენი ახლო ურთიერთობები ასევე განპირობებულია იმით, რომ შვედეთი ევროკავშირის წევრია, მაგრამ ამავე დროს ბალტიისპირეთში ნატო-ს უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია შვედეთსა და ფინეთში არსებულ მდგომარეობაზე. შვედებმა ეს ძალიან კარგად იციან. ისინი ჩვენთან ერთად მონაწილეობენ სამხედრო წვრთნებში, ჩვენ გვაქვს გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები, რათა სამხედრო აეროდრომებით სარგებლობა შევძლოთ. ასევე, უმაღლეს დონეზე პოლიტიკური თანამშრომლობა გვაკავშირებს. ერთხელ, როდესაც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი იმყოფებოდა შვედეთში, ჟურნალისტმა მას ჰკითხა – ნატო-სა და შვედეთს შორის ახლო ურთიერთობების გათვალისწინებით, თუ შვედეთს თავს დაესხმებიან, დაეხმარება თუ არა მას ნატო. რასმუსენმა სკანდინავიურ სტილში უპასუხა – არა, რადგან ქვეყანა ან არის ნატო-ს წევრი, ან არა. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ საკითხში ზედმეტი ბუნდოვანების შეტანა არაა საჭირო. ეს ადამიანებს დააბნევს. ეს ჩემი პირველი რეაქციაა ვერშბოუს იდეაზე. ამ გზაზე სიარულისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ასპირანტი და ნატო-ს წევრი მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული. ნატო-ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მიიღებ, გაწევრიანების შემდეგ – კი ბატონო, თუმცა შუალედურ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოვოთ ნატო-ს წარმომადგენლობა საქართველოში, რათა მკაფიო გახდეს, რომ საქართველოს უსაფრთხოება ნატო-სთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მიმართ ვალდებულებები გვაქვს, საქართველოზე თავდასხმას, როდესაც იქ ჩვენი ხალხი იმყოფება, შედეგი მოჰყვება. სწორედ ამ გზით მივდივართ და ასეც გაგრძელდება.

– შემდეგი კითხვა სწორედ უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. რუსეთის განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. ამ პირობებში საქართველო გახდება ნატო წევრი, თუ ეს დეოკუპაციის შემდეგ მოხდება?

ვიცი, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური კითხვაა. ასევე, ვიცი და ყველა ვაღიარებთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჰყავს რუსეთს სამხედრო ძალა საქართველოში და კიდევ ბევრ სახელმწიფოში, რომელიც მისი პერიფერიის გასწვრივ მდებარეობს, არის მოსკოვის მცდელობა, ეს ქვეყნები საერთაშორისო ორგანიზაციებში,  მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის შეუსაბამო გახადოს – მათ აქვთ კონფლიქტი ან ტერიტორიული დავა და ეს სირთულეს ქმნის. ცხადია, ვერ გავაკეთებ პროგნოზს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნატო-ს წევრები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, მათ არაერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, როგორც ეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაშიც წერია. ეს განცხადება მათ 2008 წლის ომის შემდეგაც გააკეთეს და ამას იმეორებენ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან. დარწმუნებული ვარ, ეს ვალდებულება უკან არ წაუღიათ, მიუხედავად სამწუხარო მოვლენებისა. თუმცა, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, არ ვიცი. ამაზე ბევრი დისკუსია გვექნება.

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ, საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. კერძოდ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტზე. როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე?

ვიცი, რომ აშშ და ევროკავშირი ძალიან აქტიურობდნენ საქართველოში. დიპლომატები ესაუბრებოდნენ ოპოზიციას და მთავრობას. ნატო-ს სახელით საქართველოს ხელმძღვანელობას უკვე ვუთხარით, რომ ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო პოლიტიკურ სპექტრში არსებული პოლარიზაციის აღმოფხვრა. ცხადია, ნატო-ს წევრ ბევრ სახელმწიფოს აქვს დაყოფილი პოლიტიკური სისტემები და ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ქმედითი მთავრობის არსებობა, მათ შორის პარლამენტში მყოფი აქტიური ოპოზიციის არსებობა, არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობათა მუშაობის ძირითადი პრინციპი. ჩვენ ნატო-ში არ გვყავს წევრები, სადაც ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. პოლიტიკური პოლარიზაცია, პირველ რიგში არის პრობლემა საქართველოსთვის, მაგრამ მთელ საერთაშორისო საზოგადოებასაც სურს მისი აღმოფხვრა. ყველას სურს, იხილოს კარგი ურთიერთობები ოპოზიციასა და მთავრობას შორის და ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოში ახლა ჯანდაცვის მნიშვნელოვანი კრიზისია და საქართველო ნამდვილად არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ სიტუაციას საუკეთესოდ უმკლავდებიან. ჩემს მშობლიურ კანადაშიც ოპოზიცია და მთავრობა კამათობენ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ჯანდაცვის საკითხებს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზოგადად ერთი მიმართულებით მუშაობენ. ასე რომ, ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა ახლა ისე, როგორც არასდროს, მოუტანს სარგებელს ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს.