ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიში - ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებები გადახარისხდა და ხელახლა განისაზღვრა, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა გაგრძელდა და განვითარდა
ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიში - ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებები გადახარისხდა და ხელახლა განისაზღვრა, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა გაგრძელდა და განვითარდა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

2025 წლის ანგარიშში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები და აღნიშნულია, რომ ქვეყანა ალიანსის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის (DCB) ფარგლებში დახმარებას იღებს.

ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატო-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს.

„მოკავშირეებმა ასევე გადახედეს ნატო-ს ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით. შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გარკვეული მიმართულებები გადახარისხდა და პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ზოგიერთი ნაწილი. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა გაგრძელდა და განვითარდა, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა მაისში ჩატარებული წარმატებული ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნით. თბილისში მდებარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის სამივე პარტნიორ ქვეყანასთან“, – აღნიშნულია გავრცელებულ დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში ნატო-ს მრჩევლების გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდნენ თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით.