ნატო ჩხეიძე - იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის კენჭისყრაზე იყო არაორგანიზებულობა, ჩვენ ასე ვიცოდით, რომ მოლაპარაკებები იყო „ქართულ ოცნებასთან“ და აპირებდა გარკვეულ კომპრომისზე წამოსვლას
ნატო ჩხეიძე - იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის კენჭისყრაზე იყო არაორგანიზებულობა, ჩვენ ასე ვიცოდით, რომ მოლაპარაკებები იყო „ქართულ ოცნებასთან“ და აპირებდა გარკვეულ კომპრომისზე წამოსვლას

იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის კენჭისყრაზე მოხდა ერთი რამ, ეს იყო არაორგანიზებულობა, ჩვენ ასე ვიცოდით, რომ მოლაპარაკებები იყო „ქართულ ოცნებასთან“ და აპირებდა გარკვეულ კომპრომისზე წამოსვლას, – ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

ჩხეიძის თქმით, გაუგებრობა მაშინ მოხდა, როდესაც ჩათვალა, რომ კომპრომისი მიღწეული იყო.

„ამ არაორგანიზებულობის შედეგი იყო ის გაუგებრობა, რაც მოხდა. მოხდა ნაწილობრივ, რადგან ჯერ კიდევ ორი ვაკანტური ადგილი არის თავისუფალი. არაორგანიზებულობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ბოლომდე, როგორც ჩანს, არ იყო გარკვეული ის შეთანხმებები, რაც უნდა მომხდარიყო. სწორედ კონსენსუსია საჭირო, რომ რაღაც შედეგებამდე მივიდეს მმართველი პარტია და ოპოზიცია და ჩვენ ასე ვიცოდით, რომ იყო გარკვეული მოლაპარაკებები. ეს არ იყო დახურული და ვიცოდით, რომ გარკვეულ კომპრომისზე აპირებდა წამოსვლას „ქართული ოცნება“. როცა კონსენსუსი უნდა მოხდეს, შეთანხმების შედეგი არ იქნება მთლიანად შენთვის სასარგებლო, არამედ თუნდაც ერთი ადამიანი რომ გასულიყო, ესეც ძალიან დიდი მიღწევა იქნებოდა.

ის, რომ კომუნიკაცია იყო ოპოზიციის მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ და რაღაც შედეგებამდე უნდა მისულიყო ეს, დამალული არ იყო.  ეს არ იყო მაინცდამაინც სამუშაო შეხვედრა. მოლაპარაკებები იყო მყისიერი, იყო საუბრები და საუბრების შინაარსი მოდიოდა ჩვენამდე, ამაზე თანახმა არიან, ამაზე – არა. იყო ვერსიები, რომ მოდიან მოლაპარაკებებზე და შესაძლებელია, რომ ჩვენიც გავიდეს. საინტერესო იყო, რომელი გავიდოდა, საუბარი იყო სალაძეზე, წიქარიშვილზე, მუხაშავრიაზეც. როდესაც კომპრომისზეა საუბარი და ამბობენ, რომ შესაძლებელია, წამოვიდნენ ორზე თუ არა, ერთზე მაინც, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან კარგი შედეგის მომტანი. სწორედ აქ მოხდა გაუგებრობა, როდესაც მე ჩავთვალე, რომ კომპრომისი არის მიღწეული.

მე შეკითხვა დავუსვი ლევან ბეჟაშვილს, ჩვენი რომელი გადის, და ჯერ არ არის გადაწყვეტილიო. ეს ჩემთვის იყო იმის პასუხი, რომ უბრალოდ გვარი არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ რომელიღაცას აძლევენ ხმას. აქ მოხდა ის არაორგანიზებულობა, როდესაც შეიძლება, მე კიდევ დამაზუსტებელი შეკითხვა უნდა დამესვა, მათაც რაღაც უნდა ეთქვათ. მაგრამ როდესაც მანამდე გაქვს ინფორმაცია, რომ მოდიან დათმობაზე და რომელიღაც არის, უბრალოდ, დავინტერესდი, რომელი იყო ის. ამ ქვეტექსტით დავსვი შეკითხვა. სწორედ არაორგანიზებულობის და იქვე რომ ათასი რაღაც იხილებოდა, ამის შედეგია. არ მახსოვს, მგონი, სამადაშვილმა თქვა, რომ გავდივართ ოპოზიციაო, მეც გავედი. მერე ისმის, მოხდა გარიგებაო, დავინტერესდი, ვისთან მოხდა. უცებ აღმოჩნდა, თურმე ჩხეიძეები გარიგებაში არიანო, რა თქმა უნდა, აღვშფოთდი, მაგრამ მიკვირს ის, რომ როდესაც კოლეგებმა გაიგეს, რომ ჩვენი გვარებია იქ, იმავე აჟიტირებით რატომ გააგრძელეს კიდევ უფრო მძიმე ბრალდებებისა და სიტყვების წარმოთქმა. თუკი კონსენსუსი მოხდებოდა, რისი ინფორმაციაც იყო, შესაძლებელია, არასწორი ინტერპრეტაციით, მაგრამ იყო ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მხარი უნდა დაუჭირო იმას, ვინც არ გინდა, რათა ვინც გინდა, ერთი მაინც გავიდეს. ამაშია საქმე“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი. ამის შემდეგ ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დატოვეს.