ნათია თურნავა -  ყველაფერს ვაკეთებთ, რათა „ნამახვანჰესის“ პროექტის მიმართ ნდობა იყოს, ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია
ნათია თურნავა - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა „ნამახვანჰესის“ პროექტის მიმართ ნდობა იყოს, ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისე ექსპერტებთან აქტიური კომუნიკაციაა დაწყებული.

როგორც თურნავამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების მიზნით, საინტერესო წინადადებებს ამზადებენ.

ნათია თურნავა ამბობს, ყველაფერს გააკეთებენ, რათა „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ნდობა შეიქმნას. თურნავას თქმით, ადგილობრივი ჰიდრორესურსის განვითარება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანას ძლიერი ეკონომიკა ჰქონდეს.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით მე და ჩემს კოლეგა, ლევან დავითაშვილს გვაქვს დაწყებული ძალიან აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ვინც პროექტის მახლობლად ცხოვრობს და ასევე ზოგადად ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან. ჩვენ იცით, რომ შევხვდით ცაგერის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, ასევე ჩავედით უშუალოდ ხეობაში და შევხვდით საპროტესტო აქციის მონაწილეებს. დღეს აქ გვექნება საგნობრივი დისკუსია. ამ დისკუსიას კვლავაც გავაგრძელებთ ღია ფორმატში. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანა არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები უკეთ გადაწყდეს „ნამახვანის ჰესის“ პროექტის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს, რომელიც გამოიხატება პროექტის მომზადებაში და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში უფრო ფართო ჩართულობით როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის.

ასევე ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პროექტის მიმართ შეიქმნას ნდობა.ზოგადად, რა თქმა უნდა, დღეს აუცილებლად ვისაუბრებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგორესურსი, ადგილობრივი ჰიდრორესურსის განვითარება საქართველოსთვის, რათა ჩვენი მზარდი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული მზარდად იმპორტზე, არამედ გვქონდეს დამოუკიდებელი, ძლიერი ეროვნული ეკონომიკა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანის ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.