ნათია თურნავა - ვფიქრობთ, იმპორტის ჩანაცვლება ჩვენი პროგრამების ფარგლებში ისეთივე პრიორიტეტად ვაქციოთ, როგორც ექსპორტის წახალისებაა
ნათია თურნავა - ვფიქრობთ, იმპორტის ჩანაცვლება ჩვენი პროგრამების ფარგლებში ისეთივე პრიორიტეტად ვაქციოთ, როგორც ექსპორტის წახალისებაა

ყოველთვის გამოკვეთილი გვაქვს პრიორიტეტი – წავახალისოთ ექსპორტი და ეს მართლაც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, არის ძალიან ხელშესახები შედეგები, რადგან ექსპორტი იზრდება და ლარის სიმყარეც დიდწილად ამაზეა დამოკიდებული.

ნათია თურნავას ინფორმაციით, იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების მიზნით მთავრობა მოქმედების ორ სცენარს განიხილავს, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებში იმპორტის ჩანაცვლების კომპონენტის დამატებას.

„ვფიქრობთ, ისეთივე პრიორიტეტად ვაქციოთ იმპორტის ჩანაცვლება ჩვენი პროგრამების ფარგლებში, როგორც ექსპორტის წახალისების კომპონენტია და ეს პირველ რიგში გამოიკვეთება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში. გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია ექსპორტის ხელშეწყობაზე და ვფიქრობთ, ანალოგიური მიდგომა უკვე წელს იმპორტის ჩანაცვლებაზეც გავავრცელოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მოხდება პროგრამის პორტფელის გადახალისება – იმპორტის ჩამნაცვლებელმა კომპანიებმა იგივე ბენეფიტებით და დახმარებით რომ ისარგებლონ, როგორც ექსპორტიორებმა.

კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, ადგილობრივი წარმოების ინტერესების უფრო მეტი დაცვაა.

„მეორე, უფრო გლობალური მიმართულება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ტარდება, არის შიდა ბაზარზე ჩვენი, ადგილობრივი წარმოების ინტერესების უფრო მეტი დაცვა და მხარდაჭერა ვაჭრობის სამართლიანი წესების განმტკიცების მიმართულებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გახსნილი, ლიბერალური ბაზარია, სხვადასხვა მრავალმხრივი და ორმხრივი ვაჭრობის შეთანხმებების და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრი.

მისი თქმით, ეს გვაკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, მაგრამ ჩვენ ვამკვიდრებთ ცივილიზებულ გზებს, როგორ შეიძლება მსოფლიოში აპრობირებული გზით დავიცვათ საკუთარი წარმოება უხარისხო იმპორტისგან – უსამართლო, დემპინგურ ფასში შემოტანილი ანალოგიებსგან.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ახლა მთავრობა ბიზნესთან ერთად ჩართულები ანტიდემპინგური კანონმდებლობის აქტიურ განხილვაში, რაც არის ერთ-ერთი აპრობირებული გზა, როგორ შეიძლება ქვეყანამ, რომელიც ვაჭრობაში ლიბერალურიდ გახსნილია, იმავდროულად ძალიან მკაცრად დაიცვას საკუთარი ბიზნესის ინტერესები უსამართლო, უკანონო დემპინგური გამოვლინებების დროს.

მინისტრის თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია ხარისხის სტანდარტის დაცვა არამარტო საკუთარი წარმოების მიმართ, არამედ მთლიანად ბაზარზე.