ნათია თურნავა - თუ ყველაფერი დასახული გეგმით გაკეთდება, შეიძლება, ერთ-ერთმა პირველებმა დავაღწიოთ თავი კორონავირუსს და გლობალურ ბიზნესებს ჩვენი პლატფორმა შევთავაზოთ
ნათია თურნავა - თუ ყველაფერი დასახული გეგმით გაკეთდება, შეიძლება, ერთ-ერთმა პირველებმა დავაღწიოთ თავი კორონავირუსს და გლობალურ ბიზნესებს ჩვენი პლატფორმა შევთავაზოთ

მჯერა, რომ თუ ყველაფერი იმ გეგმით გაკეთდება, რაც დასახული გვაქვს, ჩვენ შეიძლება, რეალურად ვიყოთ ის სახელმწიფო, რომელიც ერთ-ერთი პირველი დააღწევს თავს კორონავირუსს და ყველას დავასწრებთ, გლობალურ ბიზნესებს ჩვენი პლატფორმა შევთავაზოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიერ ეკონომიკაში შექმნილი გამოწვევები და შესაძლო პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევა გარკვეულ პერსპექტივასაც ქმნის და პანდემიის დასრულების შემდეგ მთელი რიგი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები იკვეთება.

ეკონომიკის მინისტრის მოსაზრებით, პანდემიის შემდეგ ეკონომიკა მსოფლიო მასშტაბით ძალიან შეიცვლება, ტრადიციული ინდუსტრიული რეგიონული ჰაბების გეოგრაფია დაირღვევა და საერთაშორისო კომპანიები, რომლებსაც დღეს შუალედური წარმოება მასიურად აქვთ ჩინეთსა თუ სხვა რეგიონულ ჰაბში, აქცენტს დივერსიფიკაციაზე გააკეთებენ და საქმიანობას სხვა ქვეყნებში გააგრძელებენ. ნათია თურნავას განცხადებით, ახალ რეალობაში საქართველოს, თავისი რეფორმატორული მიდგომით, ღია ეკონომიკის, კარგი ბიზნესგარემოსა და მაღალი საერთაშორისო რეიტინგების წყალობით, სრული შესაძლებლობა აქვს, გლობალურ კომპანიებს საკუთარი პლატფორმა შესთავაზოს.

„ჩვენ ამ განსაცდელს, ამ პრობლემას მალე გადავლახავთ, თუ ყველა ერთად დავდგებით. ჩვენ ვდგავართ ერთად და უკვე წინ უნდა გავიხედოთ. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, როგორ ვაქციოთ ეს დიდი გამოწვევა შესაძლებლობად, არ არსებობს ისეთი გამოწვევა, რომელიც სწორად დანახვის შემთხვევაში არ აქციო შესაძლებლობად. ჩვენ სწორედ ის მთავრობა ვართ. ახლანდელ პრობლემას ვუყურებთ, როგორ გადავწყვიტოთ და ვუყურებთ სამომავლო შესაძლებლობებს, რომელიც ორ სიბრტყეში დევს. ერთი ის, რომ ბევრი გლობალური კომპანია ალტერნატიული ინდუსტრიული თუ ბიზნესპლატფორმის ძებნას დაიწყებს და ეს ჩვენთვის ძალიან კომფორტული როლია. იმიტომ, რომ მანამდეც, სანამ ეს პანდემია დაიწყებოდა, საქართველო ბოლო წლებში განსაკუთრებით ცნობილი იყო, როგორც ბიზნესის კეთების მხრივ ერთ-ერთი დაწინაურებული ქვეყანა, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ბიზნესგარემო. აქ ბევრი ნიუანსია, რასაც არ ჩამოვთვლი, რადგან ბევრჯერ თქმულა. ეს არის ჩვენი რეფორმების მიღწევები და ამას გავაგრძელებთ. მეორე, რასაც დავამატებთ და ახლა დეტალებში არ წავალ, რადგან იმ პაკეტის ნაწილია, რომელზეც ვმუშაობთ, არის დავნერგოთ მექანიზმები, რომლებიც ახალწარმოქმნილ ბიზნესებს დაეხმარება, ჩვენთან შემოვიდნენ. ეს იქნება აპრობირებული მექანიზმები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა ექნება. ეს ერთი და მეორე მიმართულებაც ამასთან კავშირშია. თუ ვსაუბრობთ, რომ გლობალური კომპანიების მიწოდების ჯაჭვის ნაწილი ჩვენთან გადმოვიდეს, ასევე ვსაუბრობთ ინდუსტრიალიზაციის მიმართულებით. უნდა წარმოვაჩინოთ და ვეძებთ ასეთ დარგებს, სადაც ჩვენი საკუთარი რესურსით შევძლებთ, გავზარდოთ წარმოება და იმპორტს შევუქმნათ კონკურენცია“, – განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ პოსტკრიზისულ სამყაროში წარმოების ალტერნატიულ პლატფორმებზე კონკურენცია გამძაფრდეს. თუმცა, თუ საქართველო ოპტიმისტური სცენარით წავიდა და მაისის ბოლოდან ბიზნესი ნელ-ნელა ამოქმედებას შეძლებს, დიდი ალბათობით მოწინავე პოზიციასაც დაიკავებს.

„მე მჯერა, რომ თუ ყველაფერი იმ გეგმით გაკეთდება, რაც დასახული გვაქვს, ჩვენ შეიძლება, რეალურად გავხდეთ სახელმწიფო, რომელიც ერთ-ერთი პირველი დააღწევს თავს კორონავირუსს და ყველას დაასწრებს, რომ ბიზნესებს თავისი პლატფორმა შესთავაზოს. ეს არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რითაც შეგვიძლია და გვაქვს შანსი, სხვებს ვაჯობოთ“, – განუცხადა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორს“.