ნათია თურნავა - საპრივატიზაციო სტრატეგია 2021 წელსაც გაგრძელდება, გაფართოვდება საპრივატიზაციო ქონების ნუსხა
ნათია თურნავა - საპრივატიზაციო სტრატეგია 2021 წელსაც გაგრძელდება, გაფართოვდება საპრივატიზაციო ქონების ნუსხა

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ჩვენ პრივატიზაციის შედეგად 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 119 მილიონს აღემატება, რომ არა პანდემია, უფრო შთამბეჭდავი შედეგები იქნებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა მიმდინარეობს.

ნათია თურნავას თქმით, საპრივატიზაციო სტრატეგია 2021 წელსაც გაგრძელდება და გაფართოვდება საპრივატიზაციო ქონების ნუსხა, რომელსაც ინვესტორებს მარტში შესთავაზებენ

„როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმებსა და გაჯანსაღებაზე, სტრუქტურულ გაჯანსაღებას უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი მეტად აგრესიული საპრივატიზაციო სტრატეგია. 2019 წელს ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, 100-მა საპრივატიზაციო ქონებამ შედეგი გამოიღო. კერძოდ, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს 2019 წელს დაწყებული ინერციით, ჩვენ პრივატიზაციის შედეგად 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით, რაც 2019 წლის მაჩვენებელს, 119 მილიონს აღემატება. რომ არა პანდემია, უფრო შთამბეჭდავი შედეგები იქნებოდა.

პრივატიზაციის თვალსაზრისით, მარტის თვეში ჩვენ გვექნება საინტერესო სიახლე როგორც თქვენთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის. ესაა განახლებული 100 საპრივატიზაციო ქონების პროგრამა, ეს იქნება უკვე 150 საპრივატიზებო ქონება გაფართოებული თვისობრივად, სადაც ბევრი საინტერესო ახალი ობიექტი შეგხვდებათ, რომელმაც უნდა მოიზიდოს კერძო ინვესტიცია და პრივატიზაციის პროცესში განკერძოვდეს“, – განაცხადა თურნავამ.