ნათია თურნავა - საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციისთვის გამოცხადდა, მაგრამ ჯერ არ ნიშნავს მძიმე კარანტინს ან კომენდანტის საათს, საწარმოები, დიდი ორგანიზაციები ჩვეულ რიტმში აგრძელებენ მუშაობას
ნათია თურნავა - საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციისთვის გამოცხადდა, მაგრამ ჯერ არ ნიშნავს მძიმე კარანტინს ან კომენდანტის საათს, საწარმოები, დიდი ორგანიზაციები ჩვეულ რიტმში აგრძელებენ მუშაობას

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება ნაკარნახევია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებითა და ვირუსის გავრცელების პრევენციით, მაგრამ, ჯერჯერობით, არნაირად არ ნიშნავს მძიმე კარანტინს ან საკომენდანტო საათს,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, საქართველოში საწარმოები, დიდი ორგანიზაციები ძირითადად ჩვეულ რიტმში აგრძელებენ მუშაობას.

„გუშინდელი დღიდან, მოგეხსენებათ, ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. მინდა, დავიწყო განმარტებით, რადგან ბუნებრივია, რომ ჩვენ ეს დღეები განმარტება გვიხდება და სწორი კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი. ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ნაკარნახევია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებით და ვირუსის გავრცელების პრევენციით, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს ჯერჯერობით მძიმე კარანტინს ან საკომენდანტო საათს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი საწარმოები, დიდი ორგანიზაციები ძირითადად აგრძელებენ ფუნქციონირებას და მუშაობას ჩვეულ რიტმში. ეხება ეს მრეწველობას, მშენებლობას, ეხება ეს ნებისმიერ სხვა დარგს, ყველა საწარმო, ყველა ორგანიზაიცა აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივ და აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ჩვენი ეკონომიკის მდგრადობაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თუმცა, მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, მუშაობის პროცესში დაცული იყოს ეპიდემიოლოგების, მედიკოსების რეკომენდაციები.

„ახლა უკვე შემიძლია ვთქვა მითითებები, რაც შეეხება მუშა-მოსამსახურეების, პერსონალის ინფექციის გავრცელებისგან დაცვას, რაც შეეხება საწარმოებს და ორგანიზაციებს – წესები არის ძალიან მარტივი, ეს არის თერმო სკირნინგი. თერმოსკრინინიგი არ ნიშნავს აუცილებლად, რომ თერმოსკანერი უნდა იყოს საწარმოში დაყენებული, ეს სიცხის თერმომეტრებით გაზომვითაც შეიძლება იყოს ორგანიზებული და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი მენეჯერი და მზრუნველი კომპანია თავისი თანამშრომლებისთვის ამას მარტივად უზრუნველყოფს. ეს არის პერიოდული დეზინფექციის ჩატარება თვითონ სამუშაო სივრცეების, შენობების, თანამშრომლების პერსონალური სადეზინფექციო საშუალებებითა და პირბადეებით უზუნველყოფა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.