ნათია თურნავა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, Clearstream-ის ხელმძღვანელებს შეხვდა
ნათია თურნავა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, Clearstream-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, Clearstream-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფილიპ ბრაუნისა და რობერტ ტაბეტის შეხვედრა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი.

„Clearstream საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია, რომელმაც საქართველო 2016 წლიდან შეიყვანა მის მიერ დაფარული ქვეყნების სიაში. აღნიშნული საშუალებას აძლევს უცხოელ ინვესტორებს შეიძინონ ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და Clearstream-ში შეინახონ. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდების უმრავლესობა, რომლებიც ქართულ ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ, სწორედ Clearstream-ში ინახავენ. მათთვის Clearstream-თან თანამშრომლობა კომფორტულია, რადგან Clearstream-ს კარგად ესმის თუ როგორ ოპერირებს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებად ქვეყნებში, თავის თავზე იღებს ბაზარზე წვდომის ინფრასტრუქტურულ, საოპერაციო და სამართლებრივ მხარეს, რითაც თავის კლიენტებს ასეთ ბაზრებზე წვდომას უადვილებს.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა. განიხილეს ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოში. მათ შორის, ქართულ საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად რეგიონალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

შეგახსენებთ, რომ Clearstream ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი, 50-წლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის სტატუსის მქონე საფინანსო ორგანიზაციაა. კომპანია გლობალურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების მომსახურების სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. Clearstream-ს მსოფლიოს 110 ქვეყანაში 2 500-ზე მეტი კლიენტი ჰყავს. მთლიანობაში, წამყვანი ევროპული დეპოზიტარული სერვისის მომწოდებელი Clearstream 14 ტრილიონი ევროს აქტივს მართვს. დეპოზიტარულ სერვისთან ერთად, კომპანია გირაოსა და საინვესტიციო ფონდების მართვაშიცაა ჩართული, რაც საშუალოდ წლის განმავლობაში 170 მილიონ საანგარიშსწორებო ოპერაციას მოიცავს. საუბარია 100-მდე სახეობის სხვადასხვა ვალუტაზე, მსოფლიო მასშტაბით 58 შიდა ბაზარზე და პლუს საერთაშორისო ბაზრის ოპერაციებზე“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.