ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ივლისში ინფლაციამ 1.8% შეადგინა. ივნისთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით დაიკლო. მათივე ცნობით, მიზნობრივზე დაბალი ინფლაციის შენარჩუნებას ხელს უწყობს ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასების ცვლილების ტენდენციები. კერძოდ, ადგილობრივი ინფლაცია, რომელზეც გავლენას მეტწილად გრძელვადიანი ეკონომიკური ფაქტორები ახდენს, 2024 წლის დასაწყისიდან მიზნობრივ 3%-ზე დაბალი ნარჩუნდება და ივლისში კიდევ მეტად შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმპორტირებული ინფლაციის ზრდა განაპირობებს. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.1% შეადგინა.
„ივლისში, გასულ თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად სამომხმარებლო ფასებზე ინტერნეტის გადასახდელმა იმოქმედა. ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას ფასის შესაბამისი გაძვირება არ მოჰყოლია. ამის გამო თვის ინფლაციამ 0.2 პროცენტული პუნქტით დაიკლო. წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა. გასულის წლის ივლისთან შედარებით ბენზინის ფასები საშუალოდ 21.3%-ით იყო გაზრდილი, ხოლო წვლილი ინფლაციაში 0.8 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. ინფლაციის შემცირებას ყველაზე მეტად ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება განაპირობებდა. ელექტროენერგიის ტარიფი წლიურად 13.2%-ით შემცირდა, რამაც ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სურსათის ფასები გასული წლის ივლისის ფასებს 1.2%-ით აღემატებოდა. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ვაშლის გაძვირება იყო, რაც საერთო ინფლაციას, ჯამში, 0.2 პროცენტული პუნქტით ზრდიდა, ხოლო მზესუმზირის ზეთის გაიაფება 0.1 პროცენტული პუნქტით ამცირებდა“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.
რაც შეეხება ადგილობრივ ინფლაციას, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ადგილობრივი ინფლაცია 1.9%-მდე შემცირდა.
„შემცირების მთავარი მიზეზი ინტერნეტის ღირებულების კლებაა. ამავდროულად, მომსახურების ინფლაცია შემცირებას განაგრძობს. შერეულად წარმოებული პროდუქტები, ჯამში, დაახლოებით გასული წლის ივლისის დონეზე იყო. შერეულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ანტიბიოტიკებისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიური გაიაფება მოქმედებს. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია 3.7%-ს შეადგენდა, სადაც უდიდესი წვლილი საწვავის გაძვირებას ჰქონდა. მომსახურების ინფლაცია კლებად ტენდენციას განაგრძობს და ივლისში 2.9%-მდე შემცირდა. როგორც აღვნიშნეთ, მომსახურების ინფლაციის თანდათან შემცირება მეტწილად საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება. გარდა ამისა, მომსახურების ინფლაციის შემცირებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა (0.9 პპ-ით) ინტერნეტის ღირებულების კლებამ“, – წერია სებ-ის ანგარიშში.