ეროვნული ბანკი - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს გონივრულმა მაკროეკონომიკურმა მართვამ და მაკროპრუდენციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის შემდგომ დედოლარიზაციას
გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის (IV მუხლის კონსულტაციები) ანგარიშში, რომელსაც ეროვნული ბანკის ავრცელებს.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, საერთაშორისო რეზერვების გამყარება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტი იყო, რაც პანდემიამდელ ტენდენციას, ზედიზედ მეხუთე წელია, მნიშვნელოვნად აღემატება. სსფ-ის შეფასებით, მაკროეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად შეესაბამებოდა ფონდის რეკომენდაციებს.
ამასთან, სავალუტო ფონდი 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 6.5 პროცენტით ზრდას და ინფლაციის ეტაპობრივად შემცირებას პროგნოზირებს.
„მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მიზანშეწონილი იყო. ეროვნულმა ბანკმა საჭიროების შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს მზადყოფნა დამატებითი გამკაცრებისთვის, თუ ინფლაციური წნეხი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდება. ინფლაცია პიკს 2026 წლის შუა პერიოდში მიაღწევს, რაც ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდით იქნება განპირობებული. შემდგომში კი ინფლაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს“, – ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში.
IMF-ის შეფასებით, 2025 წელს საქართველოს საგარეო პოზიცია საშუალოვადიანი ფუნდამენტური ფაქტორებითა და სასურველი ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრულ დონეზე უფრო ძლიერი იყო.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებისა და საერთაშორისო რეზერვების ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის პოზიცია გაძლიერდა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე , მშპ-ის 2.6 პროცენტამდე შემცირდა, რაც ძირითადად მომსახურების ექსპორტის (განსაკუთრებით ICT-სა და ტურიზმის) ძლიერი ზრდითა და ნავთობის დაბალი ფასების ფონზე საქონლის იმპორტის დაბალი ზრდით იყო განპირობებული. 2026 წლის აპრილის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 6.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სსფ-ის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებლის 102 პროცენტს შეესაბამება. ეს შედეგი ასახავს ეროვნული ბანკის წინა წლების განმავლობაში 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის წმინდა სავალუტო შესყიდვებს, რასაც ხელი შეუწყო როგორც დედოლარიზაციის პროცესმა და ფინანსურმა შემოდინებებმა, ისე ოქროს ფასის ზრდით მიღებულმა შეფასებითმა მოგებამ“, – აღნიშნავს სავალუტო ფონდი.
ამასთანავე, სავალუტო ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება.
„იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი მალე დასრულდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 6.5 პროცენტს მიაღწევს და თანდათან მიუახლოვდება თავის საშუალოვადიან პოტენციურ მაჩვენებელს – 5%-ს 2028 წლისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ აპრილში, სსფ-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წლისთვის 5.3%-ს შეადგენდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, საერთაშორისო რეზერვების გამყარება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაა.
ანგარიშის თანახმად, რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ზრდა შენარჩუნდა, ხოლო ინფლაციამ ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 2026 წლის აპრილში 5.9 პროცენტს მიაღწია. ფისკალური და საგარეო ბუფერები გაძლიერდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ის 2.6 პროცენტამდე შემცირდა, საერთაშორისო რეზერვებმა სსფ-ის მიერ განსაზღვრულ ადეკვატურობის ზღვარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35 პროცენტზე ქვემოთ შემცირდა.
„მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება სამიზნე დონეს, ხოლო სახელმწიფო ვალი მიმდინარე მაჩვენებლების სიახლოვეს შენარჩუნდება, თუ გაგრძელდება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა. გაზრდილი გაურკვევლობისა და განმეორებადი საგარეო შოკების პირობებში პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია ინფლაციის სამიზნე დონემდე დაბრუნება, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დამატებითი გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინსვლა, რათა შენარჩუნდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი“, – ნათქვამია სსფ-ის ანგარიშში.