ნათია თურნავა - კორონავირუსისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მეორე კვარტალში ბრიტანეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა
ნათია თურნავა - კორონავირუსისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მეორე კვარტალში ბრიტანეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაერთიანების სამეფოს ელჩი უფლებამოსილების შესრულებას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგა. შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც „ბრექსიტის“ შემდეგ ამოქმედდება.

„გაერთიანებულ სამეფოსთან ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. დღეს კორონავირუსისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრიტანეთი ლიდერი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით და 2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32 პროცენტი სწორედ ბრიტანეთზე მოდის,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

„ბრიტანული კომპანიების სახელით გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორების, აგრეთვე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და მაღალტექნოლოგიური პროექტების მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ ჩვენი ახალი პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში, რათა მოვიზიდოთ მეტი ბრიტანელი ინვესტორი საქართველოში,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.