ნათია თურნავა - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური ნაწილი, რადგან ეს არის ჩვენი საგზაო რუკა, რა მიმართულებით განვითარდება ეკონომიკური პროექტები
ნათია თურნავა - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური ნაწილი, რადგან ეს არის ჩვენი საგზაო რუკა, რა მიმართულებით განვითარდება ეკონომიკური პროექტები

ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ეკონომიკური ნაწილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ჩვენი საგზაო რუკა მომავალში, თუ რა მიმართულებებით განვითარდება ევროკავშირის მხარდაჭერილი ეკონომიკური პროექტები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო შავ ზღვაზე კავშირურთიერთობების, ე.წ. ქონექთივითის თემას, რაც პრაქტიკულ მნიშვნელობაში რომ გადავიყვანოთ, ნიშნავს შემდეგს – პირველ რიგში, ეს არის საბორნე მიმოსვლა, ჩვენს პორტებსა და ევროპულ პორტებს შორის. კერძოდ, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის პორტებს შორის. აღინიშნა, რომ ვინაიდან ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, დაახლოებით 23-24 % ჩვენი სავაჭრო ბრუნვის მოდის ევროკავშირზე, ეს საჭიროებს უფრო აქტიურ რეგულარულ მიმოსვლას. სხვაგვარად ეს იქნება პრობლემა და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. შესაბამისად, აღგვითქვეს მხარდაჭერა, რომ რეგულარული რეისები ხორციელდებოდეს. უფრო მეტი, იყოს მიმოსვლა პორტებს შორის, რაც ნამდვილად გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს, რაშიც გვერდში დაგვიდგებიან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მეორე პროექტი, რომელიც ბრიუსელში ვიზიტისას განიხილეს, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის 1 195 კილომეტრი სიგრძის გადამცემი ხაზია, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი, რომელიც ასევე, აღჭურვილი იქნება შესაბამისი მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, რაც ნათია თურნავას თქმით, ამ პროექტს გახდის არა მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, არამედ კომერციულად მიმზიდველსაც.

„ამოცანაა, რომ შემდგომში ჩვენი მწვანე ენერგია გადაეცემოდეს ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით ევროკავშირს, რომელიც ისწრაფვის ნულოვანი ემისიების რეგულაციებამდე. შესაბამისად, ჩვენ გავაცანით, რომ მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო გარკვეული თანხები და ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში დაგვეხმარება, მაგრამ მზად ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუკი ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ მონაწილეობას არა მხოლოდ შესწავლაში, არამედ შემდგომ ამ პროექტის განხორციელებაში და მეტი ევროპული კომპანია ჩაერთვება ამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის პროექტში.

მესამე ბლოკი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ეს არის ჩვენი ვაჭრობის გაფართოება. საქართველოში სულ უფრო მეტი სასაქონლო ჯგუფებია წარმოდგენილი, ნაწარმოები ევროპულ ბაზრებზე. გვინდა, ახალი ჯგუფები გამოიკვეთოს და ერთობლივად შევუწყოთ ხელი მათ გატანას ევროპულ ბაზრებზე. ერთ-ერთი ესეთი მაგალითად არის აკვაკულტურა, რომელიც საქართველოში იწარმოება და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება ევროპულ ბაზრებზე.

გარდა ამისა, ჩვენ გავაცანით ის პრობლემები, რაც ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესს უდგება იგივე ხარისხის შესატყვისობის რეგულაციების დანერგვაში, თუნდაც ლაბორატორიულ ტესტებთან დაკავშირებით. ჯერ ჩვენი ლაბორატიული ინფრასტრუქტურა არ არის იმ დონის, რომ აქ ყველა აუცილებელი ტესტი იყოს გაკეთებული და ვთხოვეთ დახმარება ევროკაშირს, რომ ჩვენთან ადგილზე გაიმართოს ლაბორატორიები და მცირე ბიზნესს არ უწევდეს ე.წ. სინჯების გაგზავნა საზღვარგარეთ, ამაშიც აღგვითქვეს დახმარება. მთლიანობაში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. რაც მთავარია, განხილული იყო მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, როგორიც არის საბორნე მიმოსვლის აქტივიზაცია და წყალქვეშა გადამცემი ხაზი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.