ნათია თურნავა - 6.1%-იანი ეკონომიკური ვარდნა მძიმეა ისეთი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც რომ არა პანდემია, ემზადებოდა ხუთ და მეტპროცენტიანი ზრდისთვის
ნათია თურნავა - 6.1%-იანი ეკონომიკური ვარდნა მძიმეა ისეთი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც რომ არა პანდემია, ემზადებოდა ხუთ და მეტპროცენტიანი ზრდისთვის

საქართველოს ეკონომიკური ვარდნის ტემპი 6.1%-ია, რაც მძიმეა ისეთი ეკონომიკისთვის, რომელიც რომ არა პანდემია, ემზადებოდა ხუთ და მეტპროცენტიანი ზრდისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა მიმდინარეობს.

„თუმცა გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეს არ არის ყველაზე მძიმე მაჩვენებელი, თუნდაც ევროზონაში ნავარაუდევი -8%-იანი ვარდნით. ასევე მიუხედავად, ამ ნეგატიური შედეგების მიუხედავად, პოზიტიური ნიშნებიც დაფიქსირდა, რაც გვაძლევს ძალიან მყარ იმედს, რომ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ჩვენი დონორები აფასებენ, 2021 წელი იქნება სწრაფი აღდგენის წელი და საშუალოვადიან პერსპექტივიაში 2021-2024 წლებში საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში – 5.3%-ით და ასევე საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკის პოსტ პანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, 2020 წელს საგარეო ვაჭრობა შემცირდა და ეს შეეხო როგორც ექსპორტს, ასევე იმპორტს.

„ეს შეეხო როგორც იმპორტს, დაახლოებით 16%-ით, ასევე ექსპორტს – 12%-ით ვარდნას, მაგრამ კარგია ის, რომ ექსპორტის შემცირების ტემპი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმპორტის, რამაც საშუალება მოგვცა, რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი სავაჭრო დეფიციტი. ერთი მლრდ დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს ამ მხრივ, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს იყო. ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რაც პანდემიის მიუხედავად ორიენტირებული იყო საექსპორტო წარმოების გაძლიერებაზე“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი სასიკეთო მაჩვენებელია, რომ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 3.5%-ით არის გაზრდილი.

„დადებითი მაჩვენებელია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით და გვაქვს ერთ პროცენტიანი ზრდა. სწორედ ამის საფუძველზე, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და სწრაფად შევუდგებით ეკონომიკის გაჯანსაღებას“, – განაცხადა თურნავამ.