ნათია მეზვრიშვილი - „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე შენიშვნები პრაქტიკულად არ ყოფილა, რაც ძალიან კარგია
„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული კანონპროექტი დღეს მეორე მოსმენით განვიხილეთ. თითოეული კანონპროექტი მუხლობრივად გავიარეთ, შენიშვნები პრაქტიკულად არ ყოფილა, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ შსს-ს მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, რამდენიმე დეპუტატმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის დღევანდელი სხდომის დახურვა მოითხოვა.
„ვერ ვიტყოდი, რომ კომიტეტზე დაპირისპირება იყო. კომიტეტის დღევანდელი სხდომის დახურვის საკითხი დადგა. ჩვენ წინა სხდომაზეც ვისაუბრეთ, როდესაც საუბარია ორგანიზებულ დანაშაულზე და იმაზე, თუ ეს ადამიანები დანაშაულის ჩადენის დროს რა ხერხებს და მეთოდებს იყენებენ, როგორ ვაპირებთ ახალი კანონპროექტით ამ ხერხებს და მეთოდებს ვებრძოლოთ, მიზანშეწონილად მიგვაჩნდა და დღესაც ამ პოზიციაზე ვიყავით, რომ სხდომა დახურულიყო. არ დაიხურა, თუმცა კანონპროექტის განხილვისთვის ხელი ამას არ შეუშლია. ის შეკითხვები, რაზეც არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ პასუხი უნდა გამეცა, არ გავეცი. კანონპროექტთან დაკავშირებით ყველას, ვისაც რაიმე შეკითხვა ჰქონდა, იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წარმომადგენლებს შევხვდით და თუ ასეთი საჭიროება იქნება, მომავალშიც შევხვდებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ვანო ზარდიაშვილმა და უმრავლესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის დღევანდელი სხდომის დახურვა მოითხოვეს.
კომიტეტის სხდომის დახურვას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ დაეთანხმა, რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილამა, გიორგი ხატიძემ და რატი იონათამიშვილმა სხდომა დატოვეს, თუმცა სხვა კანონპროექტზე მსჯელობისას სხდომაზე დაბრუნდნენ.
რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დეფინიციები იცვლება და ამ თვალსაზრისით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება.