კახა კალაძე - იმედი გვაქვს, დეკემბერში გვექნება მხარდაჭერა, რათა საქართველომ მიიღოს სტატუსი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების განმტკიცებისთვის
კახა კალაძე - იმედი გვაქვს, დეკემბერში გვექნება მხარდაჭერა, რათა საქართველომ მიიღოს სტატუსი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების განმტკიცებისთვის

თბილისში ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ სიტყვით მიმართა.

როგორც მერმა აღნიშნა, განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭო რეალურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში.

„მოხარული ვარ, რომ თბილისი და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ორგანოს – ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) პოლიტიკური კომიტეტის სხდომას. უნდა აღინიშნოს, რომ CEMR-მა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი და გულშემატკივარია, რეალურად უჭერს მხარს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია. ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია ის ფაქტი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მრავალწლიანი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა და ის გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ მთავრობათა ევრაზიის სექციიდან ევროპულ სექციაში გაწევრიანდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით CEMR-მა შეიმუშავა დეკლარაცია, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ევროპულ საბჭოს ამ სამივე სახელმწიფოს მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა გამოეჩინა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო მართლაც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე და როდესაც საქმე ეხებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუ ვინმე იმსახურებდა ამას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით და გაკეთებული საქმეებით, თუმცა ჩვენ მოგვცეს ე.წ. გზამკვლევი, 12-პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებაც დაწყებული გვაქვს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში იქნება ერთსულოვნება და მხარდაჭერა, რათა საქართველომ მიიღოს სტატუსი.

ეს და მსგავსი რეალური მხარდაჭერის მაგალითები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების განმტკიცებისათვის. დღევანდელი დღე და ჩვენი სტუმრების აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას და მზაობას ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. იმედი გვაქვს, რომ თბილისი ხშირად იქნება ევროპული ფორუმების მასპინძელი. ამ მხრივ ჩვენ ყველა პირობას ვქმნით და შევქმნით მომავალშიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერმა იმედი გამოთქვა, რომ სტუმრებს მომავალშიც გაუჩნდებათ სურვილი, საქართველოს და მის დედაქალაქს ეწვიონ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ ჩამობრძანებისთვის და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, თბილისი შთამბეჭდავი იქნება თითოეული თქვენგანისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან გემრიელი სამზარეულო, გემრიელი ღვინო, რომელსაც აუცილებლად დააგემოვნებთ. დარწმუნებული ვართ, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, მომავალშიც ეწვიოთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანას, ჩვენს უძველეს დედაქალაქს“, – განაცხადა მერმა.