პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რამდენიმე დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რამდენიმე დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რამდენიმე დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომა დატოვეს ანრი ოხანაშვილმა, ვანო ზარდიაშვილამა, დავით მათიკაშვილამა, გიორგი ხატიძემ, რატი იონათამიშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა დასვა საკითხი, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები  დახურულ რეჟიმში განეხილათ.

ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, სხდომის დახურვა მიზანშეწონილი იყო და მსგავს საკითხებზე მსჯელობისას, სხდომების დახურვის პრეცედენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში არსებობს.

ვანო ზარდიაშვილს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომიტეტის დახურვის მიზანშეწონილობას ვერ ხედავს იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რა ცვლილებები მზადდება.

„კანონმდებლობა რისთვისაც მკაცრდება, ეს სწორია. რა იქნება დასჯადი, ეს ადამიანებმა უნდა გაიგონ. მათ უნდა ავუხსნათ, რატომ და რისთვის მკაცრდება კანონი“, – განაცხადა ბესელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებას კვლავ გამოეხმაურა ვანო ზარდიაშვილი და განაცხადა, რომ ყველა კანონს პრევენციული ხასიათი აქვს.

„როდესაც სამართალდამცავები ე.წ. კანონიერ ქურდს ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ქურდი, ის ვალდებული იყო, რომ ეთქვა, ქურდია. მათ თავისი წესები შეცვალეს და შეიძლება გიპასუხონ, რომ მეხანძრეა. ისინი თავის წესებს და კანონებს ცვლიან და უმჯობესია, რომ ცვლილებების თაობაზე კომიტეტის სხდომა დაიხუროს, რადგან კითხვებს ვერ ვსვამ“, –  აღნიშნა ზარდიაშვილმა.

ეკა ბესელია ზარდიაშვილს კვლავ გამოეხმაურა და დაინტერესდა, თუკი ცვლილებებზე მსჯელობა დახურულ ფორმატში მოხდება, დაინტერესებული პირები წაიკითხავენ თუ არა კანონს.

„პრინციპების დონეზე რაც მივიღეთ, ისევ იმას ვისმენთ. კანონში რა ცვლილებებსაც ვიღებთ, მოქალაქემ უნდა იცოდეს. დახურულ ფორმატში რომ მივიღოთ კანონი, დაინტერესებული პირი ვერ წაიკითხავს?“, – მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.

ბესელიასა და ზარდიაშვილის კამათში გედევან ფოფხაძე ჩაერთო, რომელმაც კომიტეტის დახურვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ თუკი კონფიდენციალური კითხვები არსებობს, დეპუტატებს შეუძლიათ, შსს-ს მოადგილეს დახურულ ფორმატში შეხვდნენ.

ფოფხაძის გარდა, თანაგუნდელების კამათში ანრი ოხანაშვილი ჩაერთო, რომელსაც ეკა ბესელიამ სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.

„გინდათ თქვენ წაიყვანეთ სხდომა“, –  მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს, რასაც  ოხანაშვილმა არაკოლეგიალური საქციელი უწოდა.

მამრთველი გუნდის განცხადებებს უპასახა შსს-ს მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა და აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომა მიზანშეწონილია, დახურული იყოს, თუმცა მზად იყო, საკითხზე მსჯელობა ღია ფორმატშის გაეგრძელებინა. სხდომა საბოლოოდ, ღია ფორმატში გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომის დახურვა კანონპროექტის პირველი მოსმენის განხილვისასაც მოითხოვა, თუმცა ეკა ბესელიამ სხდომის დახურვა მიზანშეწონილად არც მაშინ მიიჩნია.

მას შემდეგ, რაც კომიტეტზე სხვა საკითხის განხილვა დაიწყეს, ზემოაღნიშნული დეპუტატები სხდომაზე დაბრუნდნენ.