ნათია მეზვრიშვილი - ხორავას ქუჩის საქმეზე იმის მტკიცება, რომ გამომძიებელმა ან პროკურორმა ცალსახად დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ სამართლებრივად არასწორია
არასწორი სტრატეგიის გამო, აპრიორი იმის მტკიცება, რომ გამომძიებელმა ან პროკურორმა ცალსახად დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ სამართლებრივად არასწორია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა „ტელეკომპანია პირველის” ეთერში, ხორავას ქუჩის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ ერთადერთი გამოსავალი არის გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულზე. მისი თქმით, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო მართალია.
„მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, მიხეილ კალანდია იყო ის პირი, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და გამოძიება რაღაც გზას დაადგა. ჩვენი შეფასებით, ეს იყო გამოძიების სტრატეგია, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო არასწორი სტრატეგია. დავუშვათ, რომ იყოს არასწორი სტრატეგია. ამ არასწორი სტრატეგიის გამო, ვთქვათ რაღაც ღონისძიებები არ ჩატარდა – წმინდა სამართლებრივად, აპრიორი იმის მტკიცება, რომ გამომძიებელმა ან პროკურორმა ცალსახად დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ სამართლებრივად არასწორია.
თუ ამის მიუხედავად, ვიღაცას აქვს კითხვის ნიშნები, იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამოხელეო დანაშაულს, რამდენად კეთილსინდისიერად, განზრახ მოქმედებდნენ გამომძიებლები ან პროკურორები ამ სისხლის სამართლის საქმეში. თუ ერთადერთი გამოსავალი არის გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულზე, მართლები ვართ და ამაში ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას. ახლაც ვამბობ, მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ და არაერთ ეთერში ამაზე განგვიცხადებია.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ გარკვეულმა ადამიანების მიერ ეს სამოხელეო მიმართულებით გამოძიება, ისევე, როგორც ძირითადი საქმის და გამოყოფილი საქმის გამოყენება მოხდეს პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ და ისევ და ისევ დააზიანოს პროცესის მონაწილის ინტერესები. მესმის, რომ ამის მცდელობები არსებობს. ბოლომდე ვცდილობთ, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს არ გავცდეთ, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით დღეს დააკავა. მას ბრალად ედება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გუშინ განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ.ს.-ს (დავით სარალიძე) განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შსს არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად მუშაობას გააგრძელებს და სასამართლოს განაჩენში გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში ჩატარდება.