ნათია კუპრაშვილი - ამ პროცესში ვერ ვხედავ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც სამეურვეო საბჭოსგან ბიუჯეტის დამტკიცება ასევე სჭირდება
ამ პროცესში ვერ ვხედავ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც სამეურვეო საბჭოსგან ბიუჯეტის დამტკიცება ასევე სჭირდება, – განაცხადა „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორმა, ნათია კუპრაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ცვლილების შემთხვევაში, როგორ უნდა გაიაროს პროცესი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ჯერ თბილისში ბაზირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯერი დაარწმუნოს, რომ მას ცვლილებები სჭირდება და მხოლოდ მისი ნებართვით შეიძლება, საბჭოზე რამე გავიდეს?“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორმა ასევე თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ახერხებს, ამ პროცესების გაშუქებაში მხარე არ იყოს.
„ეს მინიმუმ, სამწუხაროა. მეჩვენება, რომ მე და ნატა ძველიშვილი ვქმნით ფონს, რომ საქმე დემოკრატიული გაშუქების პროცესთან გვაქვს, რადგან გადაცემაში წარმოდგენილ სტუმრებს შორისაც უკვე აბსოლუტური დისბალანსია. ვისურვებდი, აქ ბორდის ის წევრებიც მენახა, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.