გია იაკობაშვილი - ამ ქვეყანაში მარტო NGO–ების ხმა ისმის და კატასტროფამდე ამიტომ მივედით
გია იაკობაშვილი - ამ ქვეყანაში მარტო NGO–ების ხმა ისმის და კატასტროფამდე ამიტომ მივედით

დღეს სამეურვეო საბჭოში ზომიერად ნათლად მოაზროვნე ადამიანები ვართ, მაგრამ არავინ იცის, ხვალ ვინ მოვა, – ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია იაკობაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის, ამიტომ, უფლებამოსილებები ცალსახად უნდა გაიმიჯნოს. ჩვენ ისეთი ბერკეტი გაგვაჩნია, რომელიც მენეჯმენტს აკონტროლებს. თავის მხრივ, მენეჯმენტს უკეთ მოეხსენება, საბჭოსთან შეთანხმებით ბიუჯეტში ცვლილებები როდის უნდა შევიდეს და როდის არა“, – განაცხადა იაკობაშვილმა.

მისი თქმით, მაქსიმალური უფლებამოსილება ხარისხის და დემოკრატიის გარანტია არ არის.

„ძალაუფლება ერთ ხელში არ უნდა იყოს. ეთერს გარეთ მე და ნატა ძველიშვილი ვსაუბრობდით და მან ნიშნისმოგებით მითხრა, რომ როცა თქვენ presa.ge. წაგართვეს, მაშინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შექმნილი ჯერ კიდევ არ იყოო. თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისაც ჩემი უფლება არასოდეს არ დაგიცავთ. ასე რომ, როცა მედიაზე და უფლებებზე საუბრობთ, თქვენს გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. თქვენგან განსხვავებით, მე გრანტებისა და რეკლამების რიგში არასოდეს ვმდგარვარ. ეს ბრიყვული მედიამონიტორინგი, რომელიც თურმე, 50 000 დოლარით გაფინანსებთ, თქვენი გაკეთებულია და ეს ცალკე გამოძიების თემა შეიძლება გახდეს.

ამ ქვეყანაში მარტო თქვენი ხმა ისმის, NGO–ების და კატასტროფამდე ამიტომ მივედით. თქვენ თქვით, რომ აქ იმიტომ დაგიძახეს, გადაცემას დემოკრატიული ელფერი მისცემოდა. ეს ნარცისიზმია. პირიქით, სადაც თქვენ და თქვენი წარმომადგენლები ხართ, მე იმ გადაცემას არ ვუყურებ, რადგან ახალი არაფერი არ მესმის“, – განაცხადა გია იაკობაშვილმა.

ამ განცხადებით პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია იაკობაშილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნატა ძველიშვილსა და „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორს, ნათია კუპრაშვილს მიმართა.