ნათია კუპრაშვილი - გვესმის ძალიან სახიფათო შეფასება, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, თითქოს ვინმე მმართველ გუნდს უტევს
ნათია კუპრაშვილი - გვესმის ძალიან სახიფათო შეფასება, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, თითქოს ვინმე მმართველ გუნდს უტევს

გვესმის ძალიან სახიფათო შეფასება, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, თითქოს ვინმე მმართველ გუნდს უტევს, – ასე პასუხობს კოალიცია „მედიის ადვოკატირების“ კოორდინატორი ნათია კუპრაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ დაახლოებით ერთი წელია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი მიმდინარეობს.

„სასაცილო იცით რა არის, მთელ ამ პროცესში მედიის მხარეს უმრავლესობაში დგანან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, განსაკუთრებით მისი მმართველობის პერიოდში, არცერთ ეტაპზე არ ადუნებდნენ და მეორე მხარეს მენეჯერია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას” თვითონ წარმოადგენდა და გუბერნატორი იყო. ჩვენნაირ ადამიანებს ახლა კრიტიკა გვესმის, რომ ჩვენ პოლიტიკური შტურმი “ნაციონალური მოძრაობის” გუბერნატორზე გვაქვს. ეს მინიმუმ სასაცილო ამბავია.

მომეჩვენა, რომ ჩვენი არგუმენტები საერთოდ არ ისმოდა და ტყუილად ვსაუბრობდით. არადა არგუმენტები როგორც წინა შეხვედრაზე, ისე ახლა დასახელდა. თუმცა ბატონი ირაკლი რეზიუმირებაში მხოლოდ იმ არგუმენტებს იმეორებდა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან ძალიან სუსტად იყო წარმოდგენილი.

ერთადერთი რასაც ამ პროცესში ვითხოვთ ის არის, რომ დავინახოთ, რატომ სჭირდება ეს ცვლილება საზოგადოებრივ მაუწყებელს. გვეუბნებიან, რომ მაგალითად რეკლამის გაზრდა და სპონსორობა მოტივაციის გაზრდისთვის სჭირდება. მოტივაცია სხვადასხვა მექანიზმით იზრდება, მოტივაცია სხვა მედიების დაზარალების ხარჯზე არ უნდა გაიზარდოს. ამაზე პასუხები, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.