ნატა ძველიშვილი - თუ კონკურენტუნარიანი გარემო გვინდა, რომელიმე მოთამაშე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს
ნატა ძველიშვილი - თუ კონკურენტუნარიანი გარემო გვინდა, რომელიმე მოთამაშე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს

კარგია ვთქვათ, ევროპის საბჭოს დასკვნა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული კონტექსტი გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს კანონი არ მოსწონს არც ერთ კერძო მაუწყებელს და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სხვადასხვა პოლუსზე მყოფი მაუწყებლები ერთიანდებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს კანონპროექტი მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის პრეტენზიის საფუძველი არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, ცოტა უფრო ფართო ჭრილში უნდა დავინახოთ, თუ რა გავლენას იქონიებს კანონი მედია გარემოზე და არსებულ სიტუაციაზე. სხვათა შორის, ეს კანონი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმაც ჩააგდო, რომელმაც შენიშვნები ასევე დაწერა“, – განაცხადა ძველიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანი გარემო გვქონდეს, რომელიმე მოთამაშე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს.

„როდესაც კონკურენციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თუ კონკურენტუნარიანი გარემო გვინდა, რომელიმე მოთამაშე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. დღეს კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ნატა ძველიშვილმა.