ნათია კუპრაშვილი - ხელფასების გაზრდის ტენდენციას ვხედავთ, რისი საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს, მთავარია, მეტი სამუშაო შესრულდეს
ნათია კუპრაშვილი - ხელფასების გაზრდის ტენდენციას ვხედავთ, რისი საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს, მთავარია, მეტი სამუშაო შესრულდეს

დაგეგმილი ბიუჯეტის შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელში არაერთგზის დადგა საკმაოდ სერიოზული კითხვები, სწორი იყო თუ არა მენეჯმენტის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ კოალიცია მედიის ადვოკატირების კოორდინატორმა, ნათია კუპრაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაგალითად, ეგზიტპოლებში ერთობლივ გასვლასთან დაკავშირებითაც, როცა ბიუჯეტი არ ჰყოფნიდა, სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტის გაზრდა შეეძლო. ბორდის წევრებს უფლებით რომ ესარგებლათ და მათ შორის, ბიუჯეტის ცვლილებაში ჩარეულიყვნენ, შეიძლებოდა, ნამდვილად უკეთესი შედეგი დამდგარიყო. ცვლილებით ამგვარი ტიპის უფლებამოსილებები იზღუდება და საფრთხეებს სწორედ აქ ვხედავთ”, – განაცხადა კუპრაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ძალიან გამჭვირვალედ და დემოკრატიული პროცესის შედეგად არიან მიღებული, მაგრამ საბჭოს უფლებამოსილება იმის ტოლია, თუ რა პროცესის შედეგად აღმოჩდნენ ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა შორის.

„შესაბამისად არის გადანაწილებული პასუხისმგებლობაც და თავის დროზე, ხელფასებიც შესაბამისად გადანაწილდა. როცა განისაზღვრა, რომ სამეურვეო საბჭოს დაფინანსება გარანტირებული კვოტით უნდა ყოფილიყო, ეს იმ საქმიანობის შესაბამისი იყო, რომელიც საბჭოს უნდა განეხორციელებინა. ამიტომ, უფრო ლოგიკური იქნებოდა, თუ სამეურვეო საბჭოს რამე ნაწილში ვზღუდავთ, წევრების ხელფასების საკითხზეც გადაგვეხედა. ერთი მხრივ, ხელფასების გაზრდის ტენდენციას ვხედავთ, რისი საწინააღმდეგოც არაფერი გვაქვს, მთავარია, მეტი სამუშაო შესრულდეს, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ, რომ უფლებამოსილების შეზღუდვა არავის აწუხებს“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.