ნათია გუჯაბიძე - "რუსთავი 2"-ის საქმეზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღე
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლესთან, ნათია გუჯაბიძესთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი დასრულდა. გუჯაბიძე სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავდა.
მისი განცხადებით, გასაუბრების პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მისივე თქმით, საბჭოს წევრებს კითხვები ჰქონდათ ძირითადად სამართლებივი კუთხით, თუმცა არა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის საქმეს, ნათია გუჯაბიძეს მიაჩნია, რომ მან ამ საქმის განხილვისას ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა.
“რადგან ამ საკითხის მიმართ ინტერესი არ ცხრება, “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ჩემ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უშუალოდ,ს ანამ შევეხებოდე, მინდა საზოგადოების გასაგონადაც ვთქვა, “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა ჩვენ დავასრულეთ 2016 წლის ზაფხულში, გადაწყვეტილება ამ დროს გამოვიტანეთ. ნორმა, რომელსაც დაეფუძნა “რუსთავი 2”-ის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში, ჩემი შემადგენლობის მიერ, ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში იქნა გამოყენებული. ანუ, ეს შემთხვევა, “რუსთავი 2”-ის საქმე და მისი სამართლებრივი მოსაზრება და დასაბუთება ჩვენთვის პრაქტიკაში პირველი არ ყოფილა. დღესაც ვრჩები იმ აზრზე, რომ მივიღე სამართლებრივი გადაწყვეტილება. ჩემი მსოფლმხედველობის, გამოცდილების, წარსული სამოსამართლეო საქმიანობის გათვალისწინებით, არ შემეძლო ამ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მიმაჩნდა, რომ ერთადერთი, სამართლიანი გადაწყვეტილება,ზუსტად ამ შედეგის მატარებელი იყო”, – განმარტა ნათია გუჯაბიძემ.