ნატალია ილიჩოვას ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარე სასამართლოზე პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებს
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარე სასამართლოზე პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებს

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარეს გააჩნია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას ადასტურებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე, სავარაუდოდ დღეს გადაწყდება, საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებს.

„შუამდგომლობები იქნება. ჩვენი მოსაზრება იქნება წარდგენილი პროკურატურის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. ასევე, პროკურატურასაც აქვს იგივე შინაარსის შუამდგომლობა ჩვენს მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ამას განიხილავს დღეს სასამართლო. ასევე, განიხილავს, საქმე არსებითად გადაეცეს თუ არა სასამართლოს. რაც შეეხება ჩვენს მტკიცებულებებს, ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არ ჩაუდენიათ დანაშაული“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.