NASA-ს მავალმა მარსზე მზის დაბნელება გადაიღო — #1tvმეცნიერება
NASA-ს მავალმა მარსზე მზის დაბნელება გადაიღო — #1tvმეცნიერება

წარმოიდგინეთ, მარსზე ხართ და ამ მოვლენას საკუთარი თვალით ხედავთ.

ეზეროს კრატერში მყოფი მავალი „პერსევერანსი“ დააკვირდა, როგორ გაიარა მზის ფონზე კარტოფილის ფორმის მთვარე ფობოსმა.

ფობოსს პერსევერანსმა მაღალი რეზოლუციის კამერა Mastcam-Z-ით ვიდეოც გადაუღო; NASA-ს განცხადებით, ეს გახლავთ მარსის ზედაპირიდან, მზის დაბნელებისთვის ამ დრომდე გადაღებული ყველაზე მაღალი რეზოლუციის ვიდეო.

მზის დაბნელება მარსზე 2022 წლის 2 აპრილს მოხდა და 40 წამს გაგრძელდა. საბედნიეროდ, პერსევერანსმა მოვლენის გადაღება მოასწრო.

ფობოსი მზეს გაცილებით ცოტა ხნით აბნელებს, ვიდრე დედამიწის მთვარე, რადგან ფობოსი ჩვენს მთვარეზე დაახლოებით 157-ჯერ პატარაა.

კამერა Mastcam-Z-ს მზის სპეციალური ფილტრი აქვს, რომელიც მას მზისთვის პირდაპირ ყურების საშუალებას აძლევს. ვიდეო იმდენად მაღალი რეზოლუციის არის, რომ მზის ზედაპირზე ლაქებიც კი მოჩანს.

მეცნიერთა განცხადებით, მარსზე მზის დაბნელების ყოველი დაკვირვება მათ ფობოსის ორბიტის დროთა განმავლობაში ოდნავი ცვლილების გაზომვის საშუალებას აძლევს.

ფობოსის მოქცევითი ძალა წითელი პლანეტის წიაღს იზიდავს, ისევე, როგორც მის ქერქსა და მანტიას. შესაბამისად, ფობოსის ორბიტის დროთა განმავლობაში ცვლილება გვეუბნება, რამდენად მდგრადია ქერქი და მანტია, ასევე, რა სახის მასალებისგან შედგება ისინი.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.