NASA-ს ხომალდმა Insight-მა მარსიდან უკანასკნელი ფოტო გამოგზავნა — #1tvმეცნიერება
ჩვენგან დაახლოებით 87 მილიონი კილომეტრის მოშორებით, მარსის მტვრიან ვაკეზე მყოფმა NASA-ს სტატიკურმა აპარატმა Insight-მა ახალი ფოტო გამოაგზავნა, რომელიც შეიძლება, მისი უკანასკნელი ხედი იყოს წითელ პლანეტაზე.
Insight-ი მარსზე 2018 წლის ნოემბერში დაჯდა, მონაცემების შეგროვება კი 2019 წელს დაიწყო და ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მარსის წიაღის შესახებ ჩვენეულ წარმოდგენაში. ახლა მისი მზის პანელები მტვრით არის დაფარული, ეწურება ენერგია და მისი სამუდამოდ გამორთვა მხოლოდ დროის საკითხია.
ასე რომ მოხდებოდა, ისედაც ცნობილი იყო; ჯერ კიდევ მაისში, NASA-მ განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის, InSight-ის სამეცნიერო ოპერაციები დიდი ალბათობით შეწყდებოდა. როგორც ჩანს, ეს სასტიკი რეალობა ახლა დგება და მარსის კიდევ ერთ პიონერთან მოგვიწევს დამშვიდობება.
NASA აქვეყნებს ფოტოს, რომელიც სავარაუდოდ, InSight-ის მიერ გამოგზავნილი უკანასკნელი კადრია, რადგან მისი ენერგია ზედმეტად დაბალია და მოცულობითი მონაცემების გამოგზავნას ვეღარ შეძლებს.
მარსის მკვლევარი სხვა რობოტული ლაბორატორიების, მაგალითად, „კურიოზიტისა“ და „პერსევერანსისგან“ განსხვავებით, InSight-ი მავალი არ არის. დაჯდომისა და გაშლის შემდეგ, ის მარსზე ერთ ადგილასაა უძრავად მოთავსებული, კრატერირებული სამხრეთის მთიანეთისა და ჩრდილოეთის დაბლობების საზღვარზე. აღჭურვილია ინსტრუმენტებით, რომლებიც აკვირდებიან პლანეტის წიაღის აქტივობას; სწორედ მათ აღმოაჩინეს, რომ მარსი სულაც არაა ისე მკვდარი პლანეტა, როგორც დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა.
სინამდვილეში, წითელი პლანეტის წიაღი სეისმურად და სავარაუდოდ ვულკანური აქტივობითაც ირყევა. ეს ინფორმაცია წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ მთელი ეს შიდა აქტივობა წარმოქმნის სეისმურ აკუსტიკურ ტალღებს, რომლებიც მთელი მარსის მასშტაბით ირეკლება და სეისმოლოგებს ყველა საჭირო ინფორმაციას აძლევს მარსის წიაღის სტრუქტურის ისტორიაში პირველი რუკის შესაქმნელად.
მისი ინსტრუმენტები ასევე საკმარისად მგრძნობიარეა, რათა დააფიქსიროს მარსზე მეტეორიტების დაცემა, რასაც მეცნიერები ახალი კრატერები საპოვნელად უთვალთვალებენ. ამ ინფორმაციის დახმარებით, მეცნიერებმა შეიძლება უკეთ შეისწავლონ მარსის დარტყმების ისტორია, რის საფუძველზეც თავის მხრივ შეიძლება აიხსნას პლანეტის ზოგიერთი გეოლოგიური და ატმოსფერული მახასიათებელი.
ვულკანურ აქტივობას წარმოუდგენლად დიდი გავლენა აქვს პლანეტაზე. მარსი ზედმეტად ცივია, მისი ატმოსფერო კი ზედმეტად თხელი, რათა ზედაპირზე თხევადი წყალი შენარჩუნდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმა იქ ვერ გადარჩება. თუმცა, თუკი მარსის წიაღში ვულკანური აქტივობა მიმდინარეობს, თერმულმა სითბომ ზედაპირქვეშა ტბები შეიძლება გაყინვისგან დაიცვას და წარმოქმნას გარემო, რომელშიც მიკრობული სიცოცხლე თეორიულად გადარჩება.
მართალია, InSight-მა სულ რაღაც ოთხი წელი იმუშავა, მაგრამ გვაჩვენა სულ სხვანაირი მარსი — იმ უსიცოცხლო, მტვრიანი ლანდშაფტის მიღმა, რაც ზედაპირზე ჩანს.
2019 წელს იგივე ბედი გაიზიარა NASA-ს მავალმა „ოპორტუნიტიმ“, რომლის მზის პანელებიც მტვრით დაიფარა. საბედნიეროდ, ამ მხრივ სანერვიულო არ გვაქვს „კურიოზიტისა“ და „პერსევერანსის“ შემთხვევაში: ორივე ეს მავალი პლუტონიუმის რადიოაქტიურ დაშლაზე მუშაობს და იქამდე იმუშავებს, ვიდრე გენერატორები არ გაითიშება, არ აქვს მნიშვნელობა, მარსის რამდენი მტვერი დაედება მათ ნაწილებს.
InSight-ი ჯერ გამორთული არ არის. NASA მასთან კონტაქტს რაც შეიძლება დიდხანს შეეცდება, მაგრამ მაინც მალე დადგება ის დღე, როდესაც ის სხვა ჩამოწერილ რობოტულ მკვლევრებს შეუერთდება მარსის უკაცრიელ კოსმოსურ სასაფლაოზე.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.