ეგზოპლანეტათა რიცხვი თითქმის ასით გაიზარდა — ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა შორეულ პლანეტათა მთელი სერია იპოვა.
ჯგუფმა ანალიზი ჩაუტარა NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მისია K2-ის მიერ შეგროვებულ მონაცემთა პირველ წყებას, რომელშიც 95 ახალი პლანეტა აღმოჩნდა. შედეგად, K2-ის მიერ ამ დროისთვის აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.
„დავიწყეთ 275 კანდიდატის კვლევა. მათგან 149 რეალურ კანდიდატად კლასიფიცირდა, მაგრამ საბოლოოდ, ეგზოპლანეტა მხოლოდ 95 აღმოჩნდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, ენდრიუ მაიო.
კეპლერის მისია 2009 წელს გაეშვა. მას შემდეგ, იგი დედამიწის ორბიტას მიჰყვება მზის გარშემო და ეგზოპლანეტებს ტრანზიტის მეთოდის გამოყენებით ეძებს. ის დროდადრო ვარსკვლავებს უღებს ფოტოებს და ეძებს მათ სინათლეში არსებულ ცვლილებებს.
როდესაც ვარსკვლავის შუქი ბნელდება, შემდეგ კი კვლავ ჩვეულებრივ მდგომარეობას უბრუნდება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მის გარშემო მოძრაობს იმდენად დიდი სხეული, რომ ბლოკავს ვარსკვლავის სინათლის გარკვეულ ნაწილს.
ეს მეთოდი მოითხოვს მონაცემებთან ძალიან მუყაით მუშაობას, რათა მოიძებნოს ჩაბნელების პერიოდები, შემდეგ კი დადასტურდეს. გარდა ამისა, მეთოდი გამოსადეგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანეტა მოძრაობს დამკვირვებელსა (კეპლერის ტელესკოპი) და თავის დედავარსკვლავს შორის.
მიუხედავად ამისა, ის მაინც ძალიან ეფექტიანია. NASA-ს ცნობით, კეპლერის ძირითადმა მისიამ 2 341 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.
მაგრამ 2013 წელს მოხდა კატასტროფა — მწყობრიდან გამოვიდა ტელესკოპის ოთხიდან ერთ-ერთი რეაქციული ბორბალი. მას შემდეგ, რაც NASA-მ იპოვა გზა, როგორ გამოეყენებინა კეპლერის ძრავები რეაქციული ბორბლების შემცვლელად, მისია კვლავ გაცოცხლდა, ამჯერად K2-ის სახელით.
გამომდინარე აქედან, ტელესკოპს შეუნარჩუნდა რეორიენტაციის ფუნქცია, რათა თავისუფლად დააკვირდეს ცის სხვადასხვა მონაკვეთს.
საბედნიეროდ, კეპლერი კვლავ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და დღემდე მუშაობს.
მაიოს ჯგუფის მიერ შესწავლილი მონაცემები 2014 წელს არის შეგროვებული. მკვლევრებმა მონაცემები გულმოდგინედ გაცხრილეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ვარსკვლავთა ჩაბნელებები სხვა ფაქტორებით არ იყო გამოწვეული.
„დავადგინეთ, რომ ზოგიერთი სიგნალი გამოწვეული იყო მრავლობითი ვარსკვლავური სისტემით ან კოსმოსური ხომალდის ხმაურით. თუმცა საბოლოოდ აღმოვაჩინეთ პლანეტები, რომლებიც დედამიწისა და იუპიტერის ზომებს შორის მერყეობს“, — ამბობს მაიო.
„ჩვენგან 254 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავ HD 212657-სთან აღმოვაჩინეთ პლანეტა, რომელიც ყოველ 10 დღეში ერთხელ უვლის გარშემო. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ პლანეტის დედავარსკვლავი ყველაზე კაშკაშაა კეპლერისა და K2-ის მისიების მიერ აღმოჩენილთა შორის, რომელიც ფლობს დამტკიცებულ პლანეტას“.
რაც უფრო კაშკაშაა დედავარსკვლავი, უფრო მეტის გარკვევა შეგვიძლია მის გარშემო მოძრავი პლანეტის შესახებ. გაცილებით მეტს კი მას შემდეგ გავიგებთ, როცა გაეშვება შემდეგი თაობის, ბევრად მაღალი რეზოლუციის მქონე კოსმოსური ტელესკოპები.
ამის შემდეგ, ასტრონომებს ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შესახებაც კი შეეძლებათ ცნობების მიღება, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოახერხეს
TRAPPIST-1-ის პლანეტების შემთხვევაში.
ამ დრომდე, კეპლერისა და K2-ის მისიებს აღმოჩენილი აქვს ეგზოპლანეტის 5100 კანდიდატი.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი ნაწილობრივ მიემართება არამიწიერი სიცოცხლის ძებნისკენ, რადგან სტატისტიკური მონაცემები ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ — მაგალითად, რამდენი პლანეტაა იქ, პლანეტათა საშუალო რიცხვი ყოველ ვარსკვლავურ სისტემაზე, ასევე კლდოვანი და გაზოვანი პლანეტების რიცხვი — აუცილებლად გვეტყვის იმის შესახებ, რამდენად განსაკუთრებულია (ან არაა) ჩვენი მზის სისტემა და როგორ შეესაბამება ის დანარჩენ სამყაროს.
კვლევა Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა. ონლაინ-ვერსიის ხილვა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე.
მომზადებულია space.dtu.dk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით