მოყვარულმა მეცნიერებმა მრავალპლანეტური სისტემა აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
მოყვარულმა მეცნიერებმა მრავალპლანეტური სისტემა აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში

პროექტ „ეგზოპლანეტათა მკვლევრების“ (Exoplanet Explorers) ფარგლებში, მოყვარულ მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა შორეული პლანეტარული სისტემა K2-138, რომელშიც სულ მცირე ხუთი ეგზოპლანეტაა.

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა მრავალპლანეტური სისტემა მთლიანად მოხალისეებმა აღმოაჩინეს.

სანტა-კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომმა იან კროსფილდმა და კალიფორნიის ტექლონოგიური ინსტიტუტის მეცნიერმა ჯესი კრისტიანსენმა პროექტი „ეგზოპლანეტათა მკვლევრები“ 2017 წელს გაუშვეს ონლაინ-პლატფორმა Zooniverse-ზე.

პროექტი მოხალისეებს საშუალებას აძლევს, ეგზოპლანეტათა ნიშნების საძებნელად, გაცხრილონ NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემები.

„მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია საიტზე შევიდეს და ისწავლოს, თუ როგორია ეგზოპლანეტათა რეალური სიგნალები, შემდეგ კი ჩაიხედოს კეპლერის ტელესკოპის მიერ შეგროვილ მონაცემებში და გაარჩიოს, მოცემული სიგნალი ეგზოპლანეტის ტრანზიტს ეკუთვნის თუ უბრალოდ ხმაურია“, — ამბობს პრესრელიზში ჯესი კრისტიანსენი.

„ჩვენს ხელთ არსებული ყოველი პოტენციური სიგნალი შემოწმებულია სულ მცირე 10 ადამიანის მიერ და თითოეულ მათგანს ესაჭიროება მოხალისეთა 90%-ის დადებითი ხმა — „დიახ“, რათა შემდეგი კვლევები გაგრძელდეს“, — აღნიშნავს კრისტიანსენი.

2017 წლის აპრილში, ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციამ (ABC) პროექტი „ეგზოპლანეტათა მკვლევრები“ მიმოიხილა პროგრამა Stargazing Live-ის ფარგლებში. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მოყვარულმა მეცნიერებმა K2-138 აღმოაჩინეს.

თავდაპირველად ეგონათ, რომ სისტემა ოთხ პლანეტას შეიცავდა, თუმცა შემდგომმა კვლევებმა დააზუსტა, რომ იქ ხუთი პლანეტაა. შესაძლებელია თანდათან გაირკვეს, რომ ამ სისტემის პლანეტათა რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.

„ეგზოპლანეტათა მკვლევრების“ მოხალისეთა ძალისხმევის მიზანია, წარმოაჩინონ მოყვარულ მეცნიერთა ძალა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს შეიძლება სულაც არ აქვს დოქტორის ხარისხი ან მკვლვრის პოზიცია არ უკავია რომელიმე სააგენტოში, ამ მოყვარულ მეცნიერებს მაინც უდიდესი როლი შეაქვთ მეცნიერების სამეფოს საზღვრების გაფართოებაში.

K2-138-ის აღმოჩენა პირველი შემთხვევა არაა, როცა მოყვარული მეცნიერები მკვლევრებს დიდად დაეხმარნენ.

სისტემის ხუთივე პლანეტა ე. წ. „ქვე-ნეპტუნის“ ტიპისაა, ანუ, მათი ზომები დედამიწისა და ნეპტუნის ზომებს შორის მერყეობს. დედავარსკვლავს გარს უვლიან უკიდურესად ახლოს, იმაზე უფრო მცირე მანძილიდან, ვიდრე მერკური მზეს.

კვლევის მიხედვით, პლანეტები დედავარსკვლავიდან გაცილებით შორს უნდა წარმოქმნილიყო, მაგრამ შემდეგ, თანდათან შიგნით უნდა გადაადგილებულიყვნენ.

სისტემის ყველაზე პატარა პლანეტა K2-138b სავარაუდოდ კლდოვანი, სუპერდედამიწის ტიპისაა; დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 2,35 დღეში ერთხელ, 0,0338 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან (ასტრონომიული ერთეული = მანძილი მზესა და დედამიწას შორის). ასეთი ახლო მანძლიდან, ეს პლანეტა იმაზე 486-ჯერ მეტ სიცხეს უნდა იღებდეს, ვიდრე დედამიწა მზისგან.

კიდევ ერთ პროექტ Milky Way Project-ის ფარგლებში, მოხალისეები მკვლევრებს დაეხმარნენ, რათა აღმოეჩინათ კაშკაშა ყვითელი, გაბერილი ობიექტების, ე. წ. ყვითელი ბურთების წყარო.

გარდა ამისა, ამ პლატფორმის მოყვარულმა მეცნიერებმა, მკვლევრებს დიდი დახმარება გაუწიეს, თანამგზავრული ფოტოებიის გამოყენებით შეექმათ სიცხის რუკა ქარიშხალ „ირმას“ მძვინვარების პერიოდში.

მსგავსი პროქტები ხორციელდება იმ ადამიანთა წყალობით, რომლებიც თავიანთ თავისუფალ დროს სამეცნიერო კვლევათა მხარდაჭერას უძღვნიან.

მომზადებულია futurism.com-ისა და space.com-ის მიხედვით