NASA-მ დედამიწის ატმოსფეროში უიშვიათესი ტიპის ღრუბლები გადაიღო
NASA-მ დედამიწის ატმოსფეროში უიშვიათესი ტიპის ღრუბლები გადაიღო

წელიწადის გარკვეულ დროს, დედამიწის პოლარულ რეგიონებში, მზის ჩასვლის შემდეგ, ცაში კაშკაშა ლურჯ ღრუბლებს დაინახავთ.

ამ ღრუბლებს პოლარულ მეზოსფერულ ღრუბლებს (PMC) უწოდებენ და გარდა იმისა, რომ განსაკუთრებით ლამაზია, ისინი მეცნიერებს ატმოსფეროს ტურბულენტობის შესწავლაშიც ეხმარება.

2018 წლის 8 ივლისს, ამ ფანტასტიკური ღრუბლების შესასწავლად შვედეთიდან გიგანტური საჰაერო ბურთი გაუშვეს. ხუთი დღის განმავლობაში, ბურთი დედამიწის ზედაპირიდან 80 კმ სიმაღლეზე ავიდა, კანადის ნუნავატის პროვინციის გასწვრივ.

PMC ტურბო მისია აღჭურვილი იყო ვიზუალიზაციის შვიდი სისტემითა და ხელსაწყო LIDAR-ით (სინათლის დაფიქსირება და რანჟირება). საერთო ჯამში, მისიამ გადაიღო 120 ტერაბაიტის მოცულობის 6 მილიონი სურათი.

მისიის ხელმძღვანელი დეივ ფრიტსი იმედოვნებს, რომ შეგროვებული მონაცემები მათ ამ კომპლექსური დინამიკის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

თავად ეს ღრუბლები წარმოიქმნება მაშინ, როცა ყინულის კრისტალები ატმოსფეროს ზედა ნაწილში მეტეორების ციცქნა ნარჩენებს ერწყმის.

გარდა ვარსკვლავური წარმოშობისა და სილამაზისა, ეს ღრუბლები იმითაც არის გამორჩეული, რომ მათზე გავლენას ახდენს ატმოსფერული გრავიტაციის ტალღები.

შესაძლოა, ეს ფაქტი არც თუ ისე მრავლისმთქმელია, მაგრამ სინამდვილეში, ეს ტალღები უზარმაზარ როლს თამაშობს ქვედა ტროპოსფეროდან ზედა მეზოსფეროში (დედამიწის ატმოსფეროს შრეები) ენერგიის გადაცემაში.

გრავიტაციის ტალღებს ტროპოსფეროში წარმოქმნის განსაკუთრებული ამინდი ან მთების თავზე ჰაერის დინება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, როგორ წარმოიქმნება და იცვლება ისინი, ამ დრომდე არ გვქონდა მათი დეტალური ფოტოები.

ფრიტსის თქმით, მათ პირველად შეძლეს ზედა ატმოსფეროში გრავიტაციის ტალღების ენერგიის დინების გადაღება. მისი განცხადებით, ასეთი სიმაღლიდან შესაძლებელია გრავიტაციის ტალღების ფრაგმენტაციის დანახვა, ზუსტად ისე, როგორც ოკეანის ტალღები იშლება პლაჟზე.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ასეთი დიდი ოდენობით ინფორმაცია მათ ზედა ატმოსფეროს სტრუქტურისა და ცვალებადობის გარკვევაში დაეხმარება, რამაც უნდა გააუმჯობესოს ამინდის პროგნოზირებაც.

მეცნიერები მონაცემთა დამუშავებას ახლა იწყებენ და შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.