5G ტექნოლოგიის გლობალური შეთანხმება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამინდის პროგნოზირებას — მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ
5G ტექნოლოგიის გლობალური შეთანხმება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამინდის პროგნოზირებას — მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ

აშშ-ის ფედერალური სააგენტოებისა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, 5G ტექნოლოგიის მუშაობის საერთაშორისო შეთანხმება სერიოზულ რისკს წარმოადგენს ამინდის პროგნოზის სიზუსტისთვის.

საერთაშორისო მოლაპარაკებები რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაიმართა. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, თუ როგორ უნდა მოხდეს 5G ტექნოლოგიის სერვისი, რომელიც სპეციფიკურ რადიოსიხშირეთა ზოლებში ოპერირებს.

აშშ-ის სამთავრობო სააგენტოების, მათ შორის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA), ნასასა და საზღვაო ფლოტის მიერ ამ მოლაპარაკებებამდე ჩატარებული კვლევები იუწყებოდა, რომ 24 გიგაჰერც სიხშირეზე მომუშავე 5G ტექნოლოგიამ შეიძლება ხელი შეუშალოს პოლარულ რეგიონთა თავზე, ორბიტაზე მოძრავ იმ თანამგზავრთა სიგნალებს, რომლებიც ამინდის მონაცემებს აგროვებენ.

კვლევების მიხედვით, ამან შესაძლოა, ამინდის პროგნოზი გაცილებით არაზუსტი გახადოს.

კერძოდ, ამ მაღალტექნოლოგიურმა ანალიზებმა დაასკვნა, რომ ფართოდ და ადეკვატური შეზღუდვების გარეშე გავრცელებით, 24 გიგაჰერც სიხშირეზე მომუშავე სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა შეიჭრება იმ სიხშირეებში, რომლებსაც ასევე იყენებენ ნასას და NOAA-ს თანამგზავრთა სენსორები ატმოსფეროში წყლის ორთქლის დაფიქსირებისა და მისი თვისებების შესასწავლად; განსაკუთრებით კი ხელს შეუშლის ამინდის კრიტიკული მონაცემების შეგროვებასა და დედამიწაზე გადმოცემას.

მაგალითად, NOAA-ს კვლევის მიხედვით, დაიკარგება პოლარული რეგიონის თავზე მოძრავი ამ სააგენტოს თანამგზავრების მიკროტალღური ზონდების მონაცემთა 77,4 პროცენტი.

ამ სააგენტოს მიკროტალღური ზონდები ოპერირებს 23,6 – 24 გიგაჰერც სიხშირეზე, რაც საკმაოდ ახლოს არის სიხშირესთან, რომელიც აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ 2019 წლის მარტში 2 მილიარდ დოლარად გაყიდა.

5G-ის მხრიდან ხელის შეშლის მთავარი საფრთხე ფოკუსირებულია ე. წ. გრძივი ხაზის ხელშეშლის ლიმიტებზე, რომელსაც ხშირად out-of-band გამოსხივების ლიმიტებს უწოდებენ.

ეგვიპტეში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ს ეჭირა პოზიცია, რომელიც ნასას და NOAA-ს მეცნიერთა უკიდურესად შეშფოთებას იწვევს, რადგან ამერიკული მხარე მხარს უჭერდა ხელის შეშლის -20 დეციბელ ვატიან ლიმიტს.

ევროპელი რეგულატორები და გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია კი -55 დეციბელ ვატიან ლიმიტს ემხრობოდა.

საბოლოოდ მიღწეული სტანდარტი ამ მხარეების მოთხოვნათა შუაშია და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი ძალაში იქნება 2027 წლის 1-ელ სექტემბრამდე და გულისხმობს -33 დეციბელ ვატიანი ლიმიტს, ამ თარიღის შემდეგ კი ლიმიტი -39 დეციბელ ვატი გახდება.

შეთანხმების არსი 5G სექტორის ტექნოლოგიური განვითარების სტიმულირებაა უახლოეს მომავალში, თანაც ისე, რომ რაც შეიძლება მცირე ზიანი მიადგეს ამინდის პროგნოზირებას, რადგან ეს ტექნოლოგია უკვე საკმაოდ განვითარებული და ფართოდ გავრცელებულია.

ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლებიც ამინდის პროგნოზირებისთვის კომპიუტერულ მოდელებში შეჰყავთ, შეგროვებული და გადმოცემულია პოლარულ რეგიონთა თავზე მოძრავ თანამგზავრებზე დამონტაჟებული მიკროტალღური ზონდების მიერ.

ამ მონაცემთა ნებისმიერი დეგრადაცია შეიძლება ძლიერ საზიანო იყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტისთვის, რადგან ამ მოდელებში შეიტანოს უხილავი წერტილები.

NOAA-ს ადმინისტრატორის, ნეილ იაკობსის განცხადებით, თუ მისი სააგენტოს კვლევა მართებულია, ამინდის პროგნოზირების სიზუსტე 30 პროცენტით შემცირდება და ისეთი გახდება, როგორც ის 1980-იან წლებში იყო.

ეს მონაცემები განსაკუთრებით გამოსადეგია ახლო და საშუალოვადიანი ამინდის პროგნოზისთვის და უმნიშვნელოვანესია იმ რეგიონთათვის, რომლებსაც სახმელეთო მეტეოროლოგიური სადგურები არ გააჩნიათ.

5G ტექნოლოგიის საკითხის შესახებ ეგვიპტეში გამართულ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს გაერთიანებული სამეფოს საშუალოვადიანი ამინდის პროგნოზის ევროპული ცენტრი, რომლის ამინდის მოდელიც სიზუსტით აშშ-ისას აღემატება.

ეგვიპტეში მიღებული შეთანხმება მართლაც დიდ რისკებს შეიცავს, რომ 5G ტექნოლოგია ხელს შეუშლის ამინდზე დაკვირვებას 24 გიგაჰერც სიხშირეში.

ორგანიზაცია Narayan Strategy-ს კონსულტანტი რენე ლედუკი, რომელიც რადიოსხიშირეთა საკითხებზეა სპეციალიზებული, გადაწყვეტილებით უკიდურესად შეშფოთებულია და აცხადებს, რომ კომპიუტერული მოდელირება მნიშვნელოვნად გაუარესდება, განსაკუთრებით ადრეულ, ნაკლებად მკაცრ ფაზაში, როცა კომპანიები სწრაფად აითვისებენ ბევრ 5G ქსელს. ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში ის მთლიანად პრეზიდენტ ტრამპს ადანაშაულებს, რომლის ადმინისტრაცისთვისაც 5G ტექნოლოგიის განვითარება ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია.

იმ შემთხვევაში, თუ 5G ტექნოლოგია სერიოზულად შეუშლის ხელს ამინდის პროგნოზირებას, NOAA განიხილავს გეგმას, რომლითაც თავიდან უნდა აიცილოს უფრო უარესი სცენარი. მაგალითად, წყლის ორთქლის არხების გადამცემები სააგენტომ შეიძლება მხოლოდ ოკეანეების თავზე გამოიყენოს და გამორიცხოს ხმელეთი, რადგან ეს უკანასკნელი, ხელშეშლის ძირითადი წყარო იქნება.

კიდევ ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც მიკროტალღურ ზონდთა დაკარგულ ან დაზიანებულ მონაცემებს აღადგენს.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.