აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) ახალი დეპარტამენტი შექმნა, რომელსაც „პლანეტის დაცვის კოორდინაციის ოფისი“ (PDCO) ეწოდა. ამის შესახებ სააგენტო Huffington Post-ი იუწყება.
პროგრამის მთავარი მიზანია დედამიწის სიახლოვეს არსებული ობიექტების აღმოჩენა-მონიტორინგი და სამთავრობათშორისო კოორდინაცია „ყველა პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ“.
NASA-ს მონაცემებით, დედამიწის სიახლოვეს აღმოჩენილია 13 500-ზე მეტი ობიექტი, რომელთა 95% სწორედ ნასას კვლევების შედეგადაა იდენტიფიცირებული. ყოველწლიურად, სააგენტო დედამიწის სიახლოვეს არსებულ დაახლოებით 1 500 ობიექტს პოულობს.
პლანეტის დაცვის ოფისის წარმომადგენლის, ლინდლი ჯონსონის განცხადებით, „პლანეტის დაცვის კოორდინაციის ოფისის ოფიციალურად შექმნა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ნასა მოწოდების სიმაღლეზეა, რათა ლიდერის როლი იკისროს ბუნებრივი საფრთხეების აღმოჩენის ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევაში, შემდეგ კი ჩაერთოს პლანეტის დაცვის საქმეში, თუკი ამის საჭიროება იქნება“.
ახალი დეპარტამენტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 2013 წელს რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში შემოჭრილი მეტეორიტი გახდა, რომელიც მართალია, ჰაერში აფეთქდა, თუმცა საკმაოდ მსხვილი ნამსხვრევები ჩაბერკულის ტბაში ჩაცვივდა, წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ კი 1500 ადამიანის დაშავება გამოიწვია.
NASA-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია 140 მეტრზე მეტი სიგანის მქონე ობიექტების აღმოჩენა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, რომ მსგავსი ობიექტები გაანეიტრალოს ან დედამიწისკენ მიმართული კურსი შეუცვალოს.
თუ მსგავს ობიექტზე ინტერვენცია შეუძლებელი იქნება, კოსმოსური სააგენტო აშშ-ის საგანგებო სიტუაციების ფედერალური სააგენტოს გუნდთან ერთად იმუშავებს.
სააგენტოს განცხადების თანახმად, იგი მზადაა მსგავს სიტუაციებში სიამოვნებით ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნებთან, საერთაშორისო მასშტაბით.
წყაროები: Huffington Post; phys.org