„ნასამ“ აღმოაჩინა პლანეტა, რომელზეც წყალი და სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს
„ნასამ“ პოტენციურად დასახლებული პლანეტა აღმოაჩინა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, დედამიწის ზომის, პოტენციურად დასახლებული პლანეტა ტელესკოპ „ტესის“ საშუალებით აღმოაჩინეს.
პლანეტა, სახელწოდებით TOI 700d დედამიწიდან 100 სინათლის წელიწადის დაშორებით, დორადოს სამხრეთის თანავარსკვლავედში მდებარეობს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს პლანეტა დედამიწაზე 20 პროცენტით დიდია, რომელიც პატარა, ცივი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს.
TOI 700d ვარსკვლავისგან იმ სითბოს 86 პროცენტს იღებს, რასაც დედამიწა მზისგან. ამასთან, 11-თვიანი დაკვირვების შედეგად, პლანეტაზე ნათება არ დაუფიქსირებიათ, რაც ზრდის იმის შანსს, რომ TOI 700d-ი დასახლებული იყოს.
სულ ტელესკოპ „ტესით“ პატარა და ცივი მზის ორბიტაზე მოძრავი სამი პლანეტა აღმოაჩინეს. მათგან მხოლოდ ერთი – TOI 700d პოტენციურად დასახლებულ ზონაშია. ეს ნიშნავს, რომ პლანეტა მზისგან არც ისე შორს და არც ძალიან ახლოს მდებარეობს. ასევე ნიშნავს იმას, რომ პლანეტაზე არსებული ტემპერატურის გათვალისწინებით, იქ შეიძლება წყალი არსებობდეს.