NASA ევროპაზე წყლის გიგანტური გეიზერების ახალ მტკიცებულებებს ასაჯაროებს
1997 წელს, NASA -ს კოსმოსურმა ხომალდმა „გალილეომ“ იუპიტერის მთვარე ევროპას საკმაოდ ახლო მანძილზე გადაუფრინა. მის მიერ შეგროვებულ მონაცემებს მკვლევრებმა ახლახან კიდევ ერთხელ ჩაუტარეს ანალიზები. ირკვევა, რომ „გალილეომ“ პირდაპირ გაიარა ევროპადან ამოტყორცნილ წყლის ჭავლებში. შედეგად, კიდევ უფრო იზრდება იმედი, რომ დედამიწის მიღმა, მზის სისტემაში, სხვა სიცოცხლესაც ვიპოვით.
ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეცნიერებმა ხელახლა შეისწავლეს „გალილეოს“ ინსტრუმენტების მიერ შეგროვებული მონაცემები. 1995 წელს გალილეო პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელიც გაზის გიგანტი პლანეტის ორბიტაზე გავიდა.
ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები იტყობინებიან, რომ მათ ევროპას ყინულოვანი ზედაპირიდან ამოტყორცნილი წყლის გეიზერების პირველი პირდაპირი მტკიცებულება იპოვეს.
ასტრონომებს უკვე დიდი ხანია აქვთ ეჭვი, რომ ევროპა დაფარულია დედამიწის ოკეანეზე ორჯერ სქელი მლაშე წყლის ოკეანით.
გამომდინარე იქიდან, რომ სქელი ყინულოვანი საფარის ქვეშ უხვადაა თბილი, თხევადი წყალი, NASA ამ მთვარეს მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის არსებობის ტოპ-კანდიდატად მიიჩნევს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროპაზე წყლის ჭავლების არსებობა დაადასტურა NASA-ს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმაც, მაგრამ შორიდან.
რაც შეეხება გალილეოს, მან ევროპას 11-ჯერ გადაუფრინა თავზე, ძალიან ახლოდან.
ერთ-ერთი ასეთი გადაფრენისას, გალილეო ევროპასთან ძალიან, ძალიან ახლოს მივიდა, ზედაპირიდან დაახლოებით 150 კმ სიმაღლეზე. სწორედ ამ დროს იხილეს ასტრონომებმა რაღაც ისეთი, რასაც დიდი ხნის მანძილზე ვერ ხსნიდნენ.
სწორედ ამ რეგიონში შენიშნა ჰაბლის ტელესკოპმა განმეორებადი ჭავლების მტკიცებულებები.
როდესაც ჰაბლის მონაცემებში ჭავლების კვალი კიდევ ერთმა სხვა მკვლევარმა შენიშნა, მკვლევართა ჯგუფი იძულებული გახდა, 20 წლის წინ გალილეოს მიერ შეგროვებულ მონაცემებს დაბრუნებოდა და ხელახლა შეესწავლა.
ახალი კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა გაზომეს ცვლილებები ევროპას მაგნიტურ ველსა და პლაზმის ტალღებს შორის. აღმოჩნდა, რომ ისინი „ეთავსებოდა“ ხომალდის შესვლას ჭავლში.
„ეს შედეგი წარმოადგენს ძლიერ დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომ ევროპაზე მართლაც იფრქვევა წყლის გიგანტური გეიზერები“, — წერენ მკვლევრები.
ამ მთვარის ზედაპირზე ჭავლების ადგილმდებარეობის განსასაზღვრად, ჯგუფმა „გალილეოს“ მარშრუტი აღადგინა.
„ეს აღმოჩენა დიდ დახმარებას გაუწევს ევროპაზე გასაგზავნ ისეთ სამომავლო მისიებს, როგორებიცაა NASA-ს „ევროპა კლიპერი“ და ESA-ს იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების მკვლევარი ხომალდი. ორივე მათგანი იუპიტერთან 2020-იანი წლების ბოლოს ან 2030-იანი წლების დასაწყისში მივა“, — წერია კვლევაში.
ევროპაზე წყლის ჭავლების არსებობის მტკიცებულებათა შესახებ NASA აქამდეც ორჯერ იტყობინებოდა, მათ შორის ერთი, ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს ეკუთვნოდა. თუმცა, საკითხის ირგვლივ მაინც არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა.
მრავალი შეკითხვა რჩება ჭავლების შემადგენლობის შესახებ. ასევე უცნობია, შეიცავს თუ არა ისინი სიცოცხლის რაიმე ნიშნებს.
NASA-ს მკვლევრის, ელიზაბეთ ტარტლის განცხადებით, ზედაპირქვეშა ოკეანე სიცოცხლისათვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია ევროპაზე, რადგან ის თბილია და რადიაციისგან დაცულია ყინულოვანი საფარით.
მისი თქმით, ოკეანის შემადგენლობისა და სიცოცხლის შესაძლო არსებობის გარკვევა შესაძლებელია წყლის ჭავლების ნიმუშების აღებით, რადგან ამ ყველაფერს ის აუცილებლად ამოაფრქვევს ზედაპირზეც.
ამ ყველაფერის შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი ხდება NASA-ს 8$ მილიარდიანი მისია „ევროპა კლიპერის“ მნიშვნელობა, რომელიც 2022 წელს გაეშვება და ევროპას დეტალურად შეისწავლის ახლო გადაფრენების გზით.
რაც შეეხება ხომალდ „გალილეოს“, მზის სისტემის მეხუთე პლანეტასთან ის 1898 წელს გაუშვეს.
სწორედ „გალილეომ“ გადამოგვცა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ირკვეოდა, რომ ევროპას სქელი ყინულოვანი საფარის ქვეშ გაწოლილია თხევადი წყლის უზარმაზარი ოკეანე.
„გალილეომ“ არსებობა 2003 წელს, იუპიტერის ატმოსფეროში მიზანმიმართული შეჭრის შედეგად დაასრულა.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით