ნასა აქტიურად მეთვალყურეობს უცნაურ ანომალიას დედამიწის მაგნიტურ ველში — დაბალი მაგნიტური ინტენსივობის გიგანტურ რეგიონს პლანეტის თავზე, სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთ დასავლეთ აფრიკას შორის.
ამ ვრცელ, განვითარების პროცესში მყოფ ფენომენს სამხრეთ ატლანტიკურ ანომალიას უწოდებენ და უკვე წლებია, მეცნიერებს საგონებელში აგდებს და აშფოთებს. გამონაკლისი არც ნასას მკვლევრები არიან. მზისგან მომდინარე დამუხტული ნაწილაკების წინაშე განსაკუთრებით დაუცველია ამ ანომალიის შესუსტებულ მაგნიტურ ველს შიგნით მყოფი თანამგზავრები და კოსმოსური ხომალდები.
სამხრეთ ატლანტიკურ ანომალია (SSA), რომელსაც ნასა „ჩაღრმავებას“ უწოდებს დედამიწის მაგნიტურ ველში, ზოგადად გავლენას არ ახდენს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე, რასაც ვერ ვიტყვით ორბიტაზე მოძრავ იმ თანამგზავრებზე (მათ შორის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე), რომლებიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობისას პირდაპირ ამ ანომალიაში გაივლიან.
ამ დროს, ანომალიას შიგნით შემცირებული მაგნიტური ველის გამო, ხომალდების ტექნოლოგიურ სისტემებს მოკლე ჩართვა და სხვა ხარვეზები ემუქრება, რადგან ამ დროს ისინი მზიდან მომდინარე მაღალენერგიული პროტონების დარტყმის ქვეშ იმყოფებიან.
ასეთი შემთხვევითი დარტყმები ძირითადად მცირე ხარვეზებს წარმოქმნის, მაგრამ შეიცავს რისკს მონაცემების დაკარგვის თვალსაზრისით ან საკვანძო კომპონენტების სამუდამოდ დაზიანების მხრივ, რაც თანამგზავრების ოპერატორებს ხომალდის სისტემების გამუდმებით გათიშვას აიძულებს მაშინ, როდესაც ხომალდი ანომალიის ზონაში იმყოფება.
კოსმოსში ასეთი რისკების შემცირება ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც ნასა აქტიურად ადევნებს თვალს სამხრეთ ატლანტიკურ ანომალიას. გარდა ამისა, ან ანომალიის საიდუმლო დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს კომპლექსური და საკვლევად რთული ფენომენის შესასწავლად. ნასას კი ფლობს ყველაზე მეტ რესურსსა და კვლევით ჯგუფებს, რათა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას.
„მაგნიტური ველი სინამდვილეში არის მრავალი დინების წყაროს მაგნიტურ ველთა სუპერპოზიცია“, — განმარტავს ნასას გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის გეოფიზიკოსი ტერი საბაკა.
მაგნიტური ველის ძირითადი წყაროა დედამიწის გარე ბირთვში, ზედაპირიდან ათასობით კილომეტრის სიღრმეში მორევევით მდინარე გამდნარი რკინის ოკეანე. მასის მოძრაობა წარმოქმნის ელექტრულ დინებებს, რომლებიც ქმნიან დედამიწის მაგნიტურ ველს, მაგრამ როგორც ჩანს, არა აუცილებლად ერთგვაროვანს.
ველის წარმოქმნას ხელს უშლის აფრიკის კონტინენტის ქვეშ, 2900 კმ სიღრმეში მდებარე მკვრივი ქანების უზარმაზარი რეზერვუარი, რასაც შედეგად მოსდევს დრამატული შესუსტების ეფექტი; მას ეხმარება პლანეტის მაგნიტური ღერძის დახრილობაც.
„ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სამხრეთ ატლანტიკური ანომალია არის რეგიონში დიპოლური ველის დომინაციის შესუსტების შედეგი“, — ამბობს ნასას გეოფიზიკოსი ვიჯია კუანგი.
მისივე თქმით, უფრო კონკრეტულად, ამის მიზეზია შებრუნებული პოლარობის მქონე ლოკალიზებული ველის ძლიერ ზრდა სამხრეთ ატლანტიკური ანომალიის რეგიონში, რაც ველის სიძლიერეს ძალიან ასუსტებს მიმდებარე რეგიონებთან შედარებით.
მართალია, ამ ანომალიისა და მისი გავლენების შესახებ მეცნიერებმა ჯერ ბევრი რამ არ იციან, მაგრამ ახალი დაკვირვებები ფენომენს მუდმივად ახალ სინათლეს სძენს.
მაგალითად, 2016 წელს ნასას ჰელიოფიზიკოს ეშლი გრილის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამხრეთ ატლანტიკური ანომალია ნელა მიემართება სამხრეთ-დასავლეთით.
თუმცა, მხოლოდ როდი მოძრაობს. რაც კიდევ უფრო თვალშისაცემია, ფენომენი ამჟამად ორად გაყოფის პროცესშია. მკვლევრებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ სამხრეთ ატლანტიკური ანომალია ორ სხვადასხვა უჯრედად იყოფა და თითოეული მათგანი წარმოადგენს მინიმალური მაგნიტური ინტენსივობის ცალკეულ ცენტრს დიდ ანომალიას შიგნით.
უცნობია, რას უნდა ნიშნავდეს ეს პროცესი სამხრეთ ატლანტიკური ანომალიის მომავლისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს მტკიცებულება ვივარაუდოთ, რომ ეს ანომალია ახალი არ არის.
გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს ფენომენი ბოლო პერიოდის მოულოდნელი მოვლენა კი არ არის, არამედ წარმოადგენს პერიოდულ მაგნიტურ მოვლენას, რომელი შესაძლოა, დედამიწაზე 11 მილიონი წლის წინ დაიწყო.
თუ მართლაც ასეა, შეიძლება ეს იყოს სიგნალი იმისა, რომ სამხრეთ ატლანტიკური ანომალია არ არის მთლიანი პლანეტის მაგნიტური ველის გადანაცვლების გამომწვევი ან წინამორბედი.
რა თქმა უნდა, რჩება მრავალი კითხვა; ამასობაში ბევრი რამ ხდება ამ ვრცელი მაგნიტური ანომალიის ირგვლივ და თავისთავად კარგია, რომ მას ასე აქტიურად აკვირდება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კოსმოსური სააგენტო.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.