ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებათა შესახებ კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული
ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებათა შესახებ კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული

ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ რვა ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები.

ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული რვა ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. „კრაკადილი“), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. „ექსტაზი“), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

რაც შეეხება დოზებს, კანონპროექტში დოზებთან დაკავშირებულ განმარტებებს უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ:

ამფეტამინი – კუსტარული წესით დამზადებული სტიმულატორია (გააჩნია მიჩვევის მაღალი პოტენციალი). ამფეტამინის ჩვეულებრივი პერორალური (წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით) ან ინტრანაზალური შეყვანის ერთი დოზა არის 5 – 15 მგ . (0,005 – 0, 015 გრ), ხოლო მომხმარებლისათვის ამფეტამინის 30 მგ-იანი დოზა შესაძლოა უკვე იყოს ტოქსიკური. პრაქტიკაში ამოღებული ამფეტამინისა და საექსპერტო კვლევების საფუძველზე ერთი დოზა გამოდის 0.001 (ერთი ინსულინის შპრიცი) შესაბამისად 0.005 არის 1-დან 2 დოზამდე. იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელი დღეში მოიხმარს 2-3-ჯერ (მოქმედების ხანგრძლივობა მცირეა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრა – 0.005 გრამიდან. ეფედრინი, მეტკათინონი და მეთამფეტამინი – ამ ნარკოტიკულ საშუალებებს აქვს ამფეტამინის მსგავსი შემადგენლობა და ფუძე, რის გამოც მათი დოზები ამფეტამინის მსგავსად ჩამოყალიბდება.

დეზომორფინი – მიიღება კუსტარული წესით ე.წ. „კრაკადილი“. შემადგენლობით არის ჰეროინზე 10-ჯერ ძლიერი ნარკოტიკი, როგორც თრობის, ისე ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების კუთხით. 0.001 მგ. არის დაახლოვებით 1 ან ერთზე მეტი დოზა; 0.01 არის 10 დოზამდე; 0.1 კი – 100 დოზამდე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მისი ხშირი მოხმარება იწვევს სიკვდილს.

ლიზელგინის მჟავა (ლზდ) – კუსტარულად მიღებული ნარკოტიკია. მისი ჰალუცინოგენური მოქმედება იწყება მიღებიდან 30-90 წთ-ის შემდეგ და ხანგრძლივობა არის 2-12 სთ. ამ დროის განმავლობაში ხდება განსჯის უნარის დარღვევა და ჰალუცინაციები. მინიმალური ეფექტის დოზა არის 10-25 მკგ. 10 მკგ. უკვე იწვევს ეიფორიას, შესაბამისად, ერთი დოზა შეადგენს 0.00001 გრ. საწყის დოზად განისაზღვრა ორი დოზა – 0.00002 გრ., რადგან ჩვეულებრივ მოიხმარენ ერთჯერად დოზას – 30-50 (20-80) მკგ . აქედან გამომდინარე, აღებულ იქნა 20 მკგ, რაც არის 0,00002 გრ. დიდ ოდენობად დადგინდა – 0.0002 გრ., რაც შეადგენს 15-20 დოზას, ხოლო 0.001 გრ. 100 დოზამდეა.

მდმა (3,4-მეთილენდიოქ-სიმეტამფეტამინი) – კუსტარულად მიღებული ნარკოტიკია და ხშირად გვხვდება აბების ფორმით, ზედაპირზე დატანილი სხვადასხვა ლოგოტიპებით. მოხმარება ხდება პერორალურად ან ინჰალაციით (ცხვირიდან) და ინტრავენურად. ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია ნაერთის ტიპზე და მერყეობს 50-100 (80-125) მგ-მდე. 500 მგ-ზე (0,5 გრ) მაღალი დოზა იწვევს ლეტალურ შედეგს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მცირე ოდენობად განისაზღვრა ნახევარი აბი, 50 მგ ანუ 0.05 გრ.

მეთადონი, ჰეროინი – მოქმედი კანონით ნარკოტიკულ საშუალებებს – მეთადონს და ჰეროინს არ გააჩნიათ მცირე ოდენობა და ნებისმიერი ოდენობა ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ზუსტდება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები, ხდება ზღვრის გავლება ამ ნარკოტიკული საშუალებების მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებს შორის. მომხმარებლისთვის მეთადონის ჩვეულებრივი პერორალური დოზა არის 5-10 მგ ტაბლეტის სახით ან 5-15 მგ – ხსნარის სახით. აღნიშნული მონაცემები ბევრად ნაკლებია იმ რაოდენობასთან, რასაც ყოველდღიურად იღებს წამალდამოკიდებული პირი (ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში) და მისი გავრცელება ნარკოტიკების ეპიზოდურ მომხმარებელზე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. მსგავსად, 5-10 მგ ჰეროინი იწვევს თრობის მდგომარეობას. შესაბამისად, ჰეროინის ერთ დოზად განისაზღვრა – 0.005 გრ (5 მგ). დიდ ოდენობად დარჩა – 0.2 გრ, როგორც დღეს მოქმედ კანონშია განსაზღვრული.

ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ ეს ცვლილებები იწვევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას გაუქმებას ან შემსუბუქებას, განაჩენი გადაისინჯება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით, იმავდროულად, აღნიშნული წესიდან კეთდება გამონაკლისი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვის ვადასთან დაკავშირებით. განხილვის ვადად განისაზღვრება შუამდგომლობის მიღებიდან ერთი თვე, რაც მათ შორის მოიცავს შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმებისათვის დადგენილ ორკვირიან ვადასაც.

ასევე, ცვლილებების მიხედვით, სასამართლოს ასევე ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს განაჩენი, თუ მას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის სპეციალური პენიტენციური სამსახური ან დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ან ამ სახის ინფორმაცია მისთვის სხვაგვარად გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი