„ნარკოპოლიტიკის რეფორმით გადავარჩენთ ათიათასობით სიცოცხლეს და მივიღებთ მილიარდი ლარის სარგებელს”
„ნარკოპოლიტიკის რეფორმით გადავარჩენთ ათიათასობით სიცოცხლეს და მივიღებთ მილიარდი ლარის სარგებელს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების“ (RIA) დოკუმენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ პარლამენტში კანონპროექტს და სრულად თუ განხორციელდება მოწოდებული კონცეფცია, დაახლოებით, მილიარდ ლარამდე კონკრეტულ სარგებელს ნახავს ქვეყანა და მისი მოქალაქეები შემდეგი 10 წლის განმავლობაში.
„წარმოვადგენთ შედეგებს, რა ეკონომიკური, ფისკალური, რა ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები შეიძლება მოხდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმისა და კანონპროექტის მიღების შედეგად, იმ კონცეფციის განხორციელებით, რასაც ჰქვია დასჯის ნაცვლად, ზრუნვა და ჰუმანური დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ. ასევე, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ გრძელვადიან პერსპექტივაში,” – განაცხადა აკაკი ზოიძე.
აკაკი ზოიძე განცხადებით , არსებული ნარკოპოლიტიკა ხელს უშლის ისეთი დაავადებების აღმოფხვრას ამ ქვეყანაში, როგორიც აირის C ჰეპატიტი და შიდსი.
„ახლახანს იყო აივ-შიდსის დაავადებულთა დღე, რომელთა რაოდენობაც საქართველოში არის დაახლოებით 12 ათასი. C ჰეპატიტით დაახლოებით 140 ათასი ადამიანია დაავადებული, საიდანაც 40 ათასს წარმატებით ვუმკურნალეთ, მაგრამ გვრჩება კიდევ 90 ათასზე მეტი ადამიანი, ვინც არ იცის დაავადების შესახებ და ეშინია ჯანდაცვის სისტემის უფასო სკრინინგის; მათ ნაწილს ეშინია იმიტომ, რომ ნარკოდამოკიდებულებები არიან.
ცნობილია, რომ საინექციო ნარკოტიკების მომხმარებელი არის ყველაზე მაღალ რისკჯგუფში ისეთ ინფექციურ დაავადებებზე, როგორიც არის აივ შიდსი და C ჰეპატიტი. ისინი არ გამოდიან დღის სინათლეზე და არ ერთვებიან საზოგადოებრივ ჯანდაცვის სისტემაში იმ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო, რომელიც დღეს მოქმედებს ამ ადამიანების წინააღმდეგ,” – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
დღეს, 4 დეკემბერს, სასტუმრო „ბეტსში“ სწორედ ნარკოპოლიტიკის რეფორმისა და პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს განიხილავენ. შეხვედრას ესწრებიან სპეციალისტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები.