ჩვენდა სამწუხაროდ, არასწორი დიაგნოზის დასმა ერთეული შემთხვევები არ არის, – ამის შესახებ „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნანა სანაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დაცული ექიმი დაცული პაციენტია. თუმცა, განათლებული ექიმი დაცული პაციენტია. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევები ერთეული შემთხვევები არ არის“, – განაცხადა სანაიამ.
მისი თქმით, პაციენტთა უმრავლესობამ არ იცის, რომ არსებობს „კანონი პაციენტთა უფლებების შესახებ“, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს.
„ნებისმიერ პაციენტს აქვს ინფორმაციის მიღების უფლება, აგრეთვე ინფორმაციული თანხმობის უფლება და უფლება, გაითვალისწინოს მეორე ადამიანის აზრი; მას აქვს უფლება, აირჩიოს სხვა სამედიცინო დაწესებულება. გიორგი წიკლაურის შემთხვევაში, რომელსაც არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, ყველა პუნქტი იყო დარღვეული. მას ინფორმაცია არ მიაწოდეს, ფორმა 100 არ მისცეს, ამისთვის ბრძოლა მოუწია და მის შემთხვევაში ძალიან ბევრი დარღვევა იყო. მკაცრი დასჯის მომხრე არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ექიმისთვის ორთვიანი პასუხისმგებლობა და გადამზადება ვფიქრობ, ძალიან ცოტა იყო, რადგან გიორგი გადაურჩა იმას, რომ ექიმის შეცდომების მსხვერპლი არ ყოფილიყო“, – განაცხადა ნანა სანაიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთი მხრივ, პაციენტთა უფლებები იყოს დაცული და მეორე მხრივ, საზოგადოებაში მედპერსონალის მიმართ უნდობლობა არ გაჩნდეს, რადგან საქართველოში არა ერთი მაღალკვალიფიციური ექიმი არსებობს და ცალკეული შემთხვევების გამო ზიანი მათ რეპუტაციასაც ადგება, ნანა სანაიამ განაცხადა, რომ საქართველოს მართლაც მაღალკვალიფიციური მედპერსონალი ჰყავს და იმისთვის, რომ მედპერსონალის მიმართ უნდობლობა არ გაჩნდეს, პაციენტებმა თავიანთი უფლებები უნდა იცოდნენ და ცალკეული შემთხვევები საჯარო უნდა გახდეს.
„ვფიქრობ, გარდა კვალიფიკაციისა, არის მეორე პრობლემა – ექიმის პაციენტისადმი დამოკიდებულება. ანუ, ფსიქოლოგიური ზეგავლენა. გიორგის შემთხვევაში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო მისმა ოჯახმა. ექიმსა და პაციენტს შორის ეს დამოკიდებულება უნდა დარეგულირდეს და მათ დამოკიდებულებაში რაღაც კრიტერიუმები უნდა შეიცვალოს. კანონის მიხედვით პაციენტს უფლება აქვს, სამედიცინო პერსონალისგან მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს სრული ინფორმაცია – რა რესურსი აქვს სამედიცინო დაწესებულებას, რა დადებითი და უარყოფითი მოსდევს მის მკურნალობას და ყველა წვრილმანი, რაც მისთვის აუცილებელია. ამას საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. თუმცა, მხოლოდ ფურცელზე“, – განაცხადა ნანა სანაიამ.