მთავრობამ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა
მთავრობამ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა. 36-გვერდიან დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი.

სტრატეგიის საპროგნოზო ბიუჯეტი 800 ათასი ლარია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტს განიცდის.

„სისტემაში დასაქმებული ექთნების 20 პროცენტმა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა შემცირებულია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში ზრდის დინამიკით ხასიათდება და 2017 წელს შეადგინა 509 (100 ათას მოსახლეზე), ის მაინც საკმაოდ ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 ათას მოსახლეზე ექთნების რაოდენობით ბოლოსწინა ადგილს იკავებს. იგივე წყაროს მიხედვით, საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, როცა დანიაში იგივე მაჩვენებელი არის 4.6, გერმანიაში 3.3, უკრაინაში 2.2“, -აღნიშნულია დოკუმენტში.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სტრატეგიის განხორციელების შედეგად 2025 წლისთვის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების რაოდენობა, გადანაწილება და მათი მაღალი კვალიფიკაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.