დიმიტრი ხუნდაძე - მედიცინა ძალიან რთულია და შეცდომები ზესახელმწიფოებშიც ხდება
დიმიტრი ხუნდაძე - მედიცინა ძალიან რთულია და შეცდომები ზესახელმწიფოებშიც ხდება

სამედიცინო საექიმო შეცდომები არსებობს, მაგრამ არ უნდა ვისაუბროთ ისე, თითქოს ქართული მედიცინა მხოლოდ შეცდომების დამშვებია, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ქართული მედიცინა ისევე, როგორც ზოგადად მედიცინა, არის სწრაფად განვითარებადი, მუდმივად განახლებადი და ქართველი ექიმების მიერ ძალიან ბევრი სიცოცხლეა გადარჩენილი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ შეცდომები მრავლად არის. თანამედროვე მედიცინაში ტენდენცია, რომ საექიმო შეცდომების სიხშირე თანდათანობით ზრდადია, არის არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზესახელმწიფოებშიც, რაც სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ კონკრეტული შემთხვევები სამწუხაროდ, არსებობს, მაგრამ, ამ საკითხს სისტემურად უნდა მივუდგეთ და ჯოხი მხოლოდ ექიმზე არ უნდა გადავტეხოთ.

„ამა თუ იმ ფაქტს თუ არასწორად შევაფასებთ, შესაძლოა, ექიმის და ზოგადად, სამედიცინო სისტემის დისკრედიტაცია მოვახდინოთ, რაც უარყოფითად პირველ რიგში, პაციენტზე აისახება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, არც ერთ ექიმს არ უნდა, რომ მისი პაციენტი ცუდად იყოს, მაგრამ ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობა, რათა შეცდომები ნაკლები იყოს.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, რომ შეცდომები არის, მაგრამ სანამ მედიცინა იარსებებს, შეცდომებიც იქამდე იარსებებს.

„უბრალოდ, აქ რთულია ზღვარის გავლება, ვთქვათ, რამდენი შეცდომის დაშვება შეიძლება. ერთი პაციენტისთვის ერთი შეცდომაც ძალიან მძიმეა, მაგრამ დარგი ზუსტი მეცნიერება არ არის. მედიცინა ძალიან რთულია და შეცდომები ზესახელმწიფოებშიც ხდება, სადაც მეტი რესურსია, მეტი გამოცდილება და მედიცინა უფრო მეტად არის განვითარებული. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის იმედად ვიყოთ და პრობლემებზე არ ვისაუბროთ, ან მისი გადაჭრის გზები არ ვეძიოთ. ამ მხრივ, სახელმწიფოს დაწყებული აქვს მრავალმხრივი ინტერვენციები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა დღეს მოქმედი სანქციები და რეგულაციები საკმარისი პაციენტთა დასაცავად და ხედავს თუ არა ის საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ სურათი სანქციების გამკაცრების აუცილებლობას აჩვენებს, ხელისუფლება არც ამაზე დაიხევს უკან, მაგრამ ამ ეტაპზე სანქციების გამკაცრება გამოსავალი არ არის და უნდა გამოსწორდეს ხარვეზები, რა მიმართულებითაც მუშაობა უკვე დაწყებულია.

„სამედიცინო დახმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაწყებულია პოსტდიპლომური განათლების რეფორმა, ექიმის მხრიდან ჭარბი მედიკამენტის დანიშვნის ფაქტების გაკონტროლება სისტემის მიერ და ა.შ.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.