7 ნოემბრის საქმეზე ბადრი პატარკაციშვილის და, ნანა პატარკაციშვილი დაიკითხა
გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის დამ, ნანა პატარკაციშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა.
როგორც ნანა პატარკაციშვილმა აღნიშნა, გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი ბადრი პატარკაციშვილს „ტელეიმედის“ საკითხზე შეხვდნენ.
„მიდიოდა საუბარი, რომ დაეთმო „ტელეიმედის“ საინფორმაციო მაინც, ამაზე ყოველ ჯერზე იღებდნენ უარს. საპირწონედ სთავაზობდნენ საქართველოს რკინიგზას. მიზეზი იყო, რომ „ტელეიმედი“ ძალიან მალე გახდა რეიტინგული, გაშუქდა მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე. საბოლოოდ მან არ დათმო ტელევიზია. 2007 წლის შვიდ ნოემბერს სპეცრაზმი შეიჭრა მთაწმინდის პარკში, შემდეგ „ტელეიმედი“ დაარბიეს, ნორმალური ადამიანის ამას არ გააკეთებდა, თუ დავალება არ იქნებოდა. „ტელეიმედის“ ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან საშინელი წნეხის ქვეშ იყვნენ“, – განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა.
მისივე თქმით, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ოჯახის დევნა, რეპრესიები, მორალური, ფინანსური ზიანის მიყენება.
„მისი ქონება, რომელიც ოჯახს ეკუთვნოდა, გადაეცა ე.წ. დეიდაშვილს, ჯოზეფ ქეის. ტელეკომპანია ვერ დარჩა ოჯახს, რადგან ის ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდებით მიითვისა. შემდეგ ამაში იყო ჯოზეფ ქეი და რაკი მასზე იყო მინდობილი მეტალურგია, უთხრეს, რომ ამას დაუთმობდნენ და„ ტელეიმედი“ უნდა მიეცათ. გადაფორმება მოხდა ღამის ოთხ საათზე. გიორგი ჯაოშვილმა ნოტარიუსთან გადააფორმა, სანაცვლოდ მოიტანა 400 ათასი ლარი და ოჯახს ამ ფულისთვის ხელი არ უხლია. ბადრი გარდაიცვალა 13 თებერვალს, იმავე დღეს ჩამოფრინდა ჯოზეფ ქეი, სადღაც ორი საათის შემდეგ ჩემმა სიძემ ჰკითხა, რომ სად მიდიოდა, მან უთხრა, რომ საქმეზე, ეს საქმე იყო მაღალჩინოსნებთან, კონკრეტულად კი პრეზიდენტთან შეხვედრა. სამართლებრივი დავები გვქონდა საქართველოშიც, გიბრალტარზე. ამ დავებზე საუბარი იყო 400 მილიონზე. ეს დასრულდა მემორანდუმით, რომელიც შედგა ლონდონში, ამას ესწრებოდა გიგი უგულავა და თინა ბურჯალიანი. პირობა იყო, რომ „ტელეიმედი“ დარჩებოდა სახელმწიფოს, ხოლო სხვა ქონებები ოჯახს დაბრუნდებოდა. მეტალურგიული ქარხანა იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ ფაქტობრივად მეორედ დასჭირდა ყიდვა. „ტელეიმედი“ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ დაბრუნდა“, – განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა.
7 ნოემბრის აქციის დარბევის „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს.