ნამარხი მტკიცებულება ჟირაფის გრძელი კისრის დანიშნულების შესახებ დებატებს ამძაფრებს — #1tvმეცნიერება
ნამარხი მტკიცებულება ჟირაფის გრძელი კისრის დანიშნულების შესახებ დებატებს ამძაფრებს — #1tvმეცნიერება

ბუნებრივ გადარჩევაში რესურსებზე გაჩაღებულმა ბრძოლამ, ჟირაფები სახელგანთქმული გრძელი კისრით დააჯილდოვა, რაც მათ ისეთ ფოთლებამდე მიწვდომის მიზნით ჩამოუყალიბდათ, რომლებსაც სხვა ბალახისმჭამელები ვერ სწვდებიან.

ის, რაც ჩარლზ დარვინისთვის აშკარა იყო, შემდეგში დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა; ზოგიერთი ბიოლოგის აზრით, ეს დაგრძელებული ხერხემალი საკვებზე მისაწვდომად კი არ არის ჩამოყალიბებული, არამედ წარმოადგენს მამრების იარაღს სასიყვარულო ბრძოლაში.

ყველა მკვლევარი ერთ აზრზე არ არის და ჟირაფის ასეთი უცნაური მორფოლოგიის შესახებ ცხარე დებატებიც მიმდინარეობს.

უძველესი ბალახისმჭამელის თავის ქალისა და ხერხემლის ნამარხზე ჩატარებული ახალი კვლევა დისკუსიას ახალ მტკიცებულებებს მატებს და მიუთითებს, რომ სულ მცირე ერთ ჟირაფისნაირ მობალახე ცხოველს მართლაც ჰქონდა ძლიერი დარტყმისთვის განკუთვნილი კისერი.

განმარხებული ძვლები ჩრდილოეთ ჩინეთში 20 წლის წინ აღმოაჩინა პალეონტოლოგმა ჯინ მენგმა, რომელიც დღეს ნიუ-იორკის ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის კურატორია.

მენგისა და მისი კოლეგების მიერ ნამარხების ახალმა ანალიზებმა გამოავლინა ცხოველის უკეთესი მახასიათებლები, რომელთა წყალობითაც, შეიძლება უკეთესად გავიგოთ ის ძალა, რომელიც ჟირაფის უნიკალური ანატომიის განვითარებაში იყო ჩართული.

ჟირაფები

ახლად აღწერილ ნამარხ ცხოველს Discokeryx xiezhi უწოდეს და განსაზღვრეს, რომ უნდა ყოფილიყო სუპეროჯახ Giraffoidea-ს უძველესი წევრი; ამ ოჯახის წარმომადგენლები მიოცენის ეპოქის სავანებში, დაახლოებით 17 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ.

ყველაზე მეტად თვალში საცემია D. xiezhi-ს გრაციოზული პროპორციები, მაგრამ ჩაფსკვნილი თავის ქალით, რომელიც შუა საუკუნეების ჯარისკაცის ჩაფხუტს მოგვაგონებს. არის ბრტყელი, განიერი და ოდნავ კიდეებიანი, ისეთი, რომ იდეალურია კონკურენტის შეტაკების შესაჩერებლად.

საკუთარი ჰიპოთეზის შესამოწმებლად — უზრუნველყოფდა თუ არა D. xiezhi-ის თავის ქალა ბრძოლაში უპირატესობას, ჯგუფმა მათემატიკური მეთოდის გამოყენებით გაზომა ის პოტენციური ძალა, რომელსაც თავის ქალა და ხერხემალი გაუძლებდა გარკვეულ შეჯახებებს.

დაადგინეს, რომ ძვლებისა და მათი სახსრების სპეციფიკურ სტრუქტურებს გარკვეული ექსტრაორდინარული ძალადობის ატანა შეეძლოთ, ალბათ უფრო მეტის, ვიდრე ჩვენთვის ცნობილ სხვა რომელიმე თავით მოჯიკავე ცხოველს.

ეს ცხოველი თანამედროვე ჟირაფების შორეული ნათესავი უნდა ყოფილიყო და როგორც აღმოჩენა მიუთითებს, ცხოველთა სამეფოს ამ შტოსთვის თავებით ბრძოლა უცხო სიახლე არ უნდა ყოფილიყო.

„თანამედროვე ჟირაფი და Discokeryx xiezhi მიეკუთვნება Giraffoidea-ების სუპეროჯახს. მიუხედავად იმისა, რომ მათი თავის ქალისა და კისრის მორფოლოგია დიდად განსხვავდება, ორივე მათგანი დაკავშირებულია მამრების სასიყვარულო ბრძოლებთან და ორივე მათგანი უკიდურესი მიმართულებით არის ჩამოყალიბებული“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგი ვანგ ში-ქი.

ამ უძველესი ცხოველების თავის ქალის გამონაშვერებისა და რქების სტრუქტურებისა და ფორმების შედარება მიუთითებს, რომ ჟირაფის ნათესავებს განუვითარდათ სხვადასხვა სახის „ჩაფხუტი“ ბრძოლებისთვის, როგორც მთავარი ფაქტორი ჟირაფის თავის ქალისა და ხერხემლის ევოლუციაში.

აღმოჩნდა, რომ D. xiezhi-ს გავრცელების არეალი ძლიერ წააგავდა იმ გაშლილ საძოვრებს, რომლებშიც თანამედროვე ჟირაფები ბინადრობენ; ეს კი კიდევ უფრო მიანიშნებს მათ საერთო ქცევაზე.

„კბილის ემალის სტაბილური იზოტოპები მიუთითებს, რომ Discokeryx xiezhi ღია საძოვრებზე ბინადრობდა და შეიძლება, სეზონურად მიგრირებდა კიდეც“, — ამბობს მენგი.

ადვილი არ არის დაზუსტებით წარმოაჩინო ის წნეხი, რომელიც ორგანიზმის თვისებებისა და მახასიათებლების ჩამოყალიბებას განაპირობებს.

და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბუნებრივი გადარჩევა არ არის დისკრიმინაციული, როდესაც საქმე მიზანს ეხება. თუ გრძელი კისერი ეხმარება ბრძოლაში, კვებასა და მტაცებლებისგან გაქცევაში ზედმეტი კომპრომისების გარეშე, ორგანიზმს ის აუცილებლად დარჩება.

ამ ოჯახში თავებით მებრძოლი წევრების აღმოჩენამ კი შეიძლება ბიოლოგები დაარწმუნოს, რომ გრძელი კისერი შეიძლება მოხერხებული იარაღი იყო ბრძოლაში გადარჩენისთვის.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.