„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს, დ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის ადვოკატის, არჩილ ნიჟარაძის თქმით, დაცვის მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
ამასთან, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პროცესი პოლიტიზირებულია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 1993 წელს დაბადებული დ. ხ. ბრალდებულის სახით 10 ივნისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ერთი პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. 1992 წელს დაბადებულ ი. მ.-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.