ნახშირორჟანგის დონემ ატმოსფეროში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ, საგანგაშო ნიშნულს მიაღწია
კაცობრიობის მიერ გარემოსთვის მიყენებულმა საზიანო ეფექტებმა კიდევ ერთ საგანგაშო ეტაპს ოფიციალურად მიაღწია. გადაკვეთილია ბარიერი, რომლის იქითაც პლანეტას ისეთი ცხელი და დაბინძურებული მომავალი ელოდება, როგორიც მილიონობით წელია, დედამიწას არ გამოუცდია.
რამდენიმე დღის წინ, ჰავაიზე დამონტაჟებულმა სენსორებმა დააფიქსირეს, რომ დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ 415 ერთეულს მილიონზე (ppm) გადააჭარბა. ეს პირველი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში.
11 მაისს, მაუნა-ლოას ობსერვატორიაში ჩაწერილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ CO2-ის კონცენტრაცია 415.26 ppm იყო.
მეტეოროლოგ ერიკ ჰოლთაუსის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში, როცა ჩვენს პლანეტას ატმოსფეროში 415 ppm-ზე მეტი CO2 აქვს.
მისი თქმით, ნახშირორჟანგის ასეთი მაღალი კონცენტრაცია ჩანაწერებში არსად ფიქსირდება, არც მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სოფლის მეურნეობა გამოიგონეს 10 000 წლის წინ; არც ადამიანთა არსებობის ისტორიაში და ზოგადად, ამ სახის პლანეტა ჩვენთვის სრულიად უცხოა.
ნახშირორჟანგის დონემ ატმოსფეროში 400 ppm-ს რამდენიმე წლის წინ მიღწია, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 410 ppm-მდე ავიდა.
ატმოსფერული ნახშირორჟანგის ეს შხამიანი ტალღა დედამიწაზე სიცხეს აკავებს. მეცნიერებმა კარგად იცოდნენ, რომ 2019 წელს მისი დონე ამ ნიშნულს აუცილებლად მიაღწევდა.
Scripps-ის CO2-ის პროგრამის დირექტორის, რალფ კილინგის განცხადებით, ზრდის საშუალო მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება.მისი თქმით, ამ პროცესზე წიაღისეული საწვავის შემდეგ ყველაზე დიდ გავლენას ელ-ნინიოს მკაცრი ეფექტი ახდენს. ელ-ნინიო არის წყნარი ოკეანის პერიოდული გათბობა, რომელიც გლობალური ამინდის მახასიათებლებს ცვლის.
რეალური პრობლემა კი მართლაც წიაღისეული საწვავია.
1910 წლისთვის ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია 300 ppm იყო, უფრო მაღალი, ვიდრე ბოლო 800 000 წლის განმავლობაში. შემდეგი ერთი საუკუნის განმავლობაში კი მაჩვენებელმა 100 ppm-ზე მეტით მოიმატა.
თუკი ნახშირორჟანგის კონცენტრაცია დედამიწის ატმოსფეროში თანდათან კიდევ გაიზრდება, ჩვენს პლანეტაზე კიდევ უფრო მეტი სიცხე ჩაიჭედება. ეს კი გლობალური დათბობის მომავალს ისეთს გახდის, როგორი გარემოც დედამიწაზე ასობით მილიონი წლის წინ იყო.
ბოლოს, როცა დედამიწაზე ნახშირორჟანგის ასეთი მაღალი კონცენტრაცია იყო, სამხრეთ პოლუსთან ტყეები იყო გადაჭიმული.
ადამიანებს წარმოდგენაც არ გვაქვს, როგორი და რა სახის ზიანი შეიძლება მოგვიტანოს CO2-ის ppm-ის ასე ძლიერ მატებამ, თუკი პროცესს სასწრაფოდ არ შევაჩერებთ.
ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით, შორეულ მომავალში, დახეთქილი, უსიცოცხლო დედამიწა უფრო ტოქსიკური უცხო პლანეტა იქნება, ვიდრე სიცოცხლის ერთადერთი ნავსაყუდელი — ცაში გაქრება ღრუბლები, ოკეანეები ადუღდება და ბოლოს აორთქლდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ წიაღისეული საწვავის გამოყენებას, ნახშირორჟანგი კი აგრძელებს ჰაერში დაგროვებას. ყველაფერი ასე მარტივად არის“, — ამბობს კილინგი.
ეს წლები, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, უკანასკნელი შესაძლებლობაა ამ პროცესთა შესაჩერებლად, თორემ შემდეგ, ალბათ ძალიან გვიან იქნება.
იმედი არსებობს, მაგრამ ამ გამანადგურებელი პროცესის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ენერგიის მიღებისა და ეკონომიკის ცვლილების გზით.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.