ნაძალადევის გამგეობის ინფორმაციით, მახალდიანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად შვიდი ოჯახი დაზარალდა
ნაძალადევის გამგებლის მოადგილე ირაკლი ანდღულაძის აცხადებს, რომ ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი დიდია, თუმცა ზარალის რეალური ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მისივე ინფორმაციით, გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად შვიდი ოჯახია დაზარალებული.
„გამგეობის თანამშრომლებმა დეტალურად აღწერეს ყველა ოჯახი. დაზარალებულია შვიდი ოჯახი, ოთხი მახალდიანის ქუჩის მხარეს, ხოლო სამი ოჯახი ჩხიკვაძის ქუჩის მხარეს. გუშინ დაზარალებულებმა ღამე ახლობლებთან გაათენეს.
რაც შეეხება ზარალს, ყველა ოჯახი მიიღებს ქირის თანხას. მოგეხსენებათ, რომ მასშტაბური ხანძარი იყო და ზიანი დიდია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. დეტალურად დავავალებთ ჩვენს კონტრაქტორებს უფრო ზუსტად გააკეთონ ხარჯთაღრიცხვა და ზიანის ციფრი დადონ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე თავს შევიკავებ, გუშინ დენის სადენზე იყო საუბარი, თუმცა გამოძიება კვლავ მიმდინარეობს“, – განაცხადა ანდღულაძემ.